სპეციალური პროკურორი აცხადებს, რომ დაკითხვაზე ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის წლები ვერ გაიხსენა
სპეციალური პროკურორი აცხადებს, რომ დაკითხვაზე ჯო ბაიდენმა ვიცეპრეზიდენტობის წლები ვერ გაიხსენა

სპეციალური პროკურორი, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო მოპყრობის საქმეს იძიებს, აცხადებს, რომ პრეზიდენტს მეხსიერების პრობლემები აქვს.

როგორც „ბიბისი“ წერს, სპეციალური პროკურორი რობერტ ჰური ბაიდენს გამოძიების ფარგლებში ხუთი საათის განმავლობაში კითხავდა. 345-გვერდიან დოკუმენტში პროკურორი წერს, რომ ბაიდენს „მეხსიერებაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვს და მან ვერ შეძლო გაეხსენებინა ვიცეპრეზიდენტობის წლები ან ის წლები, როდესაც მისი შვილი გარდაიცვალა“.

ანგარიშის გამოქვეყნებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.

საგანგებო ბრიფინგზე ბაიდენმა განაცხადა, რომ მეხსიერება წესრიგში აქვს.

„როდესაც მე დამისვეს კითხვა შვილთან დაკავშირებით, ვიფიქრე, ეს სხვისი საქმე არაა. მე არ მჭირდება შეხსენება, როდის გარდაიცვალა ჩემი შვილი. როგორ ბედავთ ამ საკითხის წამოწევას?” – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, გამოკითხვის დროს ის დაკავებული იყო საერთაშორისო კრიზისის მოგვარებით.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ამავე პრესკონფერენციაზე, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უარყოფდა, ბაიდენმა ეგვიპტის პრეზიდენტი აბდალ ფატაჰ ალ-სისი მექსიკის პრეზიდენტად მოიხსენია.

რეპორტიორების კითხვაზე, რომელიც ღაზის სექტორში ომს ეხებოდა, ბაიდენმა ასე უპასუხა: „ვფიქრობ, იცით, რომ თავდაპირველად მექსიკის პრეზიდენტ სისის, არ სურდა კარის გახსნა ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად“.

„ბიბისი“ წერს, რომ ამავე პრესკონფერენციაზე ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტების სახლში შენახვაში თავისი თანამშრომლები დაადანაშაულა.

პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა, რომ მათ სენსიტიური დოკუმენტები ავტოფარეხში დადეს.

სპეციალური პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტები ძაღლის საწოლთან იპოვეს.

„ბიბისის“ კორესპონდენტის ცნობით, ბაიდენის ბრიფინგზე ატმოსფერო დაძაბული იყო.

ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს აქვთ კითხვები მის ასაკთან დაკავშირებით, ბაიდენმა თქვა, რომ ეს „რეპორტიორის შეფასებაა და მას მეხსიერებასთან პრობლემები არ აქვს“.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის სახლში საიდუმლო დოკუმენტები 2022-2023 წლებში აღმოაჩინეს.

სპეციალურმა პროკურორმა დაადგინა, რომ ბაიდენი არასათანადოდ მოეპყრო საიდუმლო დოკუმენტებს, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა. საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც ავღანეთს ეხებოდა და რომლებიც ბაიდენს ვიცეპრეზიდენტობის შემდეგ ჰქონდა შენახული. სპეციალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ „ბაიდენისთვის ბრალის წაყენება რთული იქნება, რადგანაც, დიდი ალბათობით, სასამართლოზე ის თავს წარმოადგენს იმგვარად, როგორც ეს გააკეთა გამოკითხვაზე, სიმპათიურ, კეთილგანწყობილ და ცუდი მეხსიერების მქონე ხანდაზმულ მამაკაცად“.