სპეციალური პენიტენციური სამსახური - დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კონტაქტი არ ჰქონია
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კონტაქტი არ ჰქონია.
პენიტენციური სამსახური ამ განცხადებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირს, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან.
პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ამ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ვირუსი დაუდასტურდა იმ სამშენებლო კომპანიის თანამშრომელს, რომელიც ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზეა დასაქმებული (ელექტრომონტიორი). თუმცა, ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი (პირბადე, ხელთათმანი და ა.შ.)“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.