მუხროვანში, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების 22 წლის იუბილე აღინიშნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და იუბილე მიულოცეს.
თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას აღნიშნა, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები არის ის სამაგალითო შენაერთი, რომელიც ეამაყება და ეიმედება ჩვენს ქვეყანას. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა სპეციალური ოპერაციების ძალების პროფესიონალიზმი და განვითარებისკენ სწრაფვა. მან სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების საქმეში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – აშშ-სა და მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
სამხედროები იუბილეზე საშტატო იარაღითა და სამკერდე ნიშნებით დაჯილდოვდნენ. ამერიკელ და ქართველ სამხედროებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებაზე სტუმრებმა სპეცდანიშნულების ძალების საბრძოლო ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს, მათ შორის იყო სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული უახლესი განტვირთვისა და ჯავშანდაცვის მოდულური სისტემა, თანამედროვე ტაქტიკური ჩაფხუტი და მოდერნიზებული ავტომატური შაშხანები.
ღონისძიების ფარგლებში, მიწვეული სტუმრებისთვის სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. სამხედროებმა რეიდის ოპერაციისას საბრძოლო ვაზნებით, ყუმბარმტყორცნით და სნაიპერული გასროლით, პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება და დაჭრილების ევაკუაცია განახორციელეს. საქართველოს თავდაცვის სპეციალური ძალების „ოპერაციების ძალების და აშშ-ის არმიის ოპერატიული დანაყოფის ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.