სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის ტელევიზორის მიწოდების გაჭიანურების შესახებ, ასევე ტყუილია, თითქოს მას არ მიეწოდა ლეიბი
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილისთვის ტელევიზორის მიწოდების გაჭიანურების შესახებ, ასევე ტყუილია, თითქოს მას არ მიეწოდა ლეიბი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა მიხეილ სააკაშვილისთვის ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია, – ამის შესახებ  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„გაცნობებთ, რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზირით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი, ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება, შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გააფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ არასწორია ინფორმაცია ლეიბთან დაკავშირებით.

„ტყუილია ასევე ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი. დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, სასულიერო პირის მიერ მიტანილ სახარებას სახარებასთან მოოქროვილი ელემენტები ჰქონდა, ამგვარი ნივთის ქონა კი მსჯავრდებულისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებით იკრძალება.

„აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს. დეკანოზის მიერ მოტანილ სახარებას ჰქონდა მოოქროვილი ელემენტები და თვლები. №12 პენიტენციური დაწესებულების დებულების თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ფასეული ნივთების პენიტენციურ დაწესებულებაში ქონა. სწორედ ფასიანი ნივთების ნუსხაშია ყველა სახის ნივთი ან სამკაული, რომელსაც აქვს ძვირფასი გაფორმება“, – ნათქვამია განცხადებაში.