ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისთვის პირი პასუხისგებაში მხოლოდ კლინიკური შემოწმების შემდეგ მიეცემა
სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო პირის პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ ნარკოტესტის საფუძველზე არ მოხდება, არამედ ეს მდგომარეობა მძღოლს კლინიკური შემოწმების შედეგად უნდა დაუდგინდეს, რომელსაც ნარკოლოგ-ექსპერტები განახორციელებენ, – ამის შესახებ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე გური მენაბდიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება პრევენციული ხასიათისაცაა და შესაძლოა ამით ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საუბარია ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფნაზე. როგორც ნარკოლოგი, არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე სახის დისკრიმინაციული მიდგომაა, პირიქით – შესაძლებელია, ეს ერთგვარი პრევენციული საკითხიც იყოს და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნას. ნარკოტესტირება, რომელიც შემოტანილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სელექციური ნაწილი. მხოლოდ ნარკოტესტით ან ნერწყვის ტესტის საშუალებით არ განხორციელდება პიროვნების დასჯა. ეს არის პრაქტიკულად სელექცია, ვინ გადაიყვანონ შემდგომ კლინიკური ზემოქმედების დასადგენად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი საათის წინ მოიხმარა პირმა ნარკოტიკული ნივთიერება ან არის თუ არა მის ორგანიზმში, არამედ არის თუ არა ზემოქმედების, ანუ თრობის ქვეშ. ყველანაირი შეფერხება შესაძლოა დისკომფორტი იყო, მაგრამ ტესტი ადგენს მხოლოდ ერთიდან რვა საათამდე მოხმარებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირი იმ წუთიდან არის დასჯილი“, – განაცხადა ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.
მისი განმარტებით, ამის შემდეგ პირი გადაჰყავთ ექიმ-ნარკოლოგებთან, რომლებიც შეაფასებენ მის კლინიკურ მდგომარეობას, იმყოფება თუ არა თრობის ან ზემოქმედების ქვეშ.
„კლინიკური შეფასება არ არის დამყარებული მხოლოდ ლაბორატორიულ კვლევებზე. პირი აუცილებლად უნდა იყოს გამოკვლეული როგორც ვიზუალური დათვალიერებით, ასევე შესწავლილი უნდა იყოს მისი ფსიქიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა. სწორედ ამ კომპონენთა ერთობლიობის შედეგად, კვლევის საფუძველზე გაკეთდება დასკვნა, აღნიშნული პირი კონკრეტულ დროს არის თუ არა თრობის ქვეშ. ამის შემდეგ შეიძლება პასუხისმგებლობაზე საუბარი“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.
სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა დღეიდან სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, სამი წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა. კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.