სოზარ სუბარმა - ISFED-მა გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები, ამზადებდნენ საფუძველს რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოეცხადებინათ და პრაქტიკულად, რევოლუციური სცენარისთვის შეეწყოთ ხელი
ISFED-მა გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები, ამზადებდნენ საფუძველს რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ გამოეცხადებინათ არჩევნები არალეგიტიმურად, პრაქტიკულად, რევოლუციური სცენარისთვის შეეწყოთ ხელი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-თან დაკავშირებით, განაცხადა.
„ISFED-მა, არასამთავრობო ორგანიზაციამ გააყალბა ხმის პარალელური დათვლის შედეგები და თქვა, თითქოს 4%-იანი ცდომილება იყო მათ მიერ დათვლასა და ცესკო-ს მიერ დათვლას შორის, რაც იყო ტყუილი. მათ იცოდნენ, რომ ეს იყო ტყუილი, მაგრამ თვენახევრის განმავლობაში ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ეს იყო სიმართლე, რომ გაყალბება თითქოს არსებობდა. ამით ისინი ამზადებდნენ საფუძველს რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ ისინი არ შესულიყვნენ პარლამენტში და გამოეცხადებინათ არჩევნები არალეგიტიმურად და პრაქტიკულად, რევოლუციური სცენარისთვის შეეწყოთ ხელი.
ასევე, ISFED-მა გამოაცხადა, თითქოს უბნების 8%-ში იყო აცდენა რეალურ დათვლას შორის, ანუ მეტობა ფიქსირდებოდა, რაც იყო ასევე ტყუილი. დღემდე არ უღიარებიათ, რომ ეს იყო ტყუილი. სინამდვილეში, ასეთი აცდენები აღმოჩნდა მხოლოდ 0,5 პროცენტში. ისიც დადასტურდა კვლევით, რომ ეს არის მართლა შეცდომა საარჩევნო კომისიის წევრების და მთლიანობაში ხმების რაოდენობა ესაა -0,001 მეათასედი, რაც არის აცდენა და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგზე. თუმცა ISFED-ს დღემდე არ უღიარებია, რომ მათ გააყალბეს ეს მონაცემები“,- განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, როდესაც აშშ-ის საელჩო ამბობს, რომ ISFED-ი სანდო ორგანიზაციაა, არის ტყუილი.
„ამის მიუხედავად, საელჩო რომ ამბობს, ესაა სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, არის უბრალოდ ტყუილი. შესაბამისად, გარკვეული თანამონაწილეობის სურვილი იკვეთება საელჩოს მხრიდან, რომ მათ მოსწონდათ ის, რასაც აკეთებდა და როგორც აკეთებდა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია. მეტს გეტყვით, ეს დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ ანუ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. USAID-ის ხელმძღვანელობამ კარგად იცოდა, თვენახევრით ადრე, რომ ეს გაყალბება იყო მომხდარი და ხმას არ იღებდა. მათი მხრიდან არ ყოფილა არანაირი ზეწოლა ან არანაირი მოთხოვნა მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, რომ მათ გამოესწორებინათ ეს შეცდომა, ხალხისთვის ეთქვათ სიმართლე. ბუნებრივია, როცა იცოდა USAID-მა, ავტომატურად ნიშნავს, რომ იცოდა აშშ-ის ელჩმაც. და არა მარტო მან, არამედ ყველა საელჩომ, ვინაიდან მათ ამ ინფორმაციას აწვდიდა „ქართული ოცნების” გუნდი, რომელმაც ეს დარღვევები აღმოაჩინა. თუმცა მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან არ გაკეთებულა არანაირი განცხადება, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური. არ გაუკეთებიათ მოწოდება ოპოზიციური პარტიებისთვის, შესულიყვნენ პარლამენტში. სწორედ ამ გაყალბებული ცრუ მონაცემების საფუძველზე აცხადებდა ISFED-ი, სხვა ენჯეოებთან ერთად, რომ ქვეყანაში იყო პოლიტ-კრიზისი. პირველად სწორედ მათ დაამკვიდრეს ეს ტერმინი, რის შემდეგაც უკვე აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის საელჩო ითხოვდნენ მოთხოვნების შესრულებას, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტში.
და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც დღესაც სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს აშშ-ის საელჩო, ეს გვაფიქრებინებს, რომ ისინი იდგნენ ამ ყველაფრის უკან და ამის არანაირი უარყოფა მათგან არ მოგვისმენია“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.