სოზარ სუბარმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
სოზარ სუბარმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

სოზარ სუბარმა ქვეყნის მასშტაბით სივრცით მოწყობის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შესაძლებლობები ამ მხრივ მართლაც ამოუწურავია.

„დღევანდელ ფორუმზე რამდენჯერმე ახსენეს ქალაქი დუშეთი. სტუდენტობიდან მოყოლებული ზურგჩანთით და კედებით მოვლილი მაქვს საქართველოს, თითქმის ყველა კუთხე და სოფელი. ბოლო 15 წელია, ამ ავადსახსენებელი შავი ჯიპით ჩავანაცვლე კედები და იგივე გზები მაქვს უკვე ჯიპით მოვლილი. რამდენიმე დღის წინ დუშეთში ვიყავი და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე რამდენჯერმე ნანახი სასამართლოს შენობა – გაპარტახებული შენობა, რომელშიც ილია ჭავჭავაძე იყო მოსამართლე. შეიძლება, უცხოელი ტურისტისთვის არ იყოს ეს ძალიან მრავლისმთქმელი, მაგრამ ქართველებისთვის ერთ-ერთი შენობაა, სადაც აუცილებლად მივლენ, სადაც მუზეუმის გაკეთება შეიძლება და შეიძლება უამრავი ატრაქციის მოწყობა, ვთქვათ, როგორი იყო მაშინდელი სასამართლო, როგორ მოსამართლეობდა ეს ბუმბერაზი ადამიანი. ასეთი ადგილები გვაქვს უამრავი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, დღევანდელ ფორუმზე ბევრჯერ ახსენეს პროექტები „ღვინის გზა“ და ჩაის გზა და აღნიშნულ ჩამონათვალს შესაძლოა, დაემატოს „ყველის გზაც“.

„ერთ-ერთმა მინისტრმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გავუგზავნე ნარჩვი, სვანური ყველი, გუშინ მითხრა, რომ ეს რაღაც საოცარი აღმოჩენა იყო მისთვის, რომ ვერანაირი ფონდიუ ამას ვერ შეედრება და მართლაც ასეა. შესაძლებლობები გვაქვს დიდი, თუნდაც ყველის მიმართულებით. გარდა ამისა, ასურეთი, ბოლნისი იყო დასახლებები თავისებური კულტურით, შესაძლებლობებით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, დმანისში არის სოფელი მთისძირი, რომელსაც ბაშპლემს ეძახიან, სადაც ცხოვრობდნენ გერმანელები და ყველის ქარხანა ჰქონდათ.

„ეს იყო გარკვეული რელიგიური ჯგუფი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიძრა გერმანიიდან, ეძებდნენ იერუსალიმთან მისასვლელ გზებს, ვერ მივიდნენ იქ, რადგან მაშინ თურქების იმპერია იყო. დასახლდნენ რუსეთის იმპერიის ყველაზე სამხრეთ ნაწილში და ძალიან თავისებური კულტურა შექმნეს. აქ იყო ქარხანა, რომელიც აწარმოებდა დღეში ხუთიდან რვა ტონამდე ევროპულ ყველს და, რომლითაც მარაგდებოდა პეტერბურგში მეფის სასახლე. ორი გვარი იყო – კეზელი და კუჩენბახი. ამ მეწარმეებს ეკუთვნოდათ სასახლე, დღესაც დგას დმანისში და ამის რესტავრაცია რომ მოხდეს, დღესაც ულამაზესი შენობაა. მათი შთამომავლები ჩამოსული იყვნენ და ჩამოტანილი ჰქონდათ სურათები, როგორი იყო ეს სასახლე რევოლუციამდე. რაღაც საოცრებაა ფარშევანგებით, პალმებით“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, რეგიონების ერთმანეთთან ბმისა და დაკავშირების გარეშე, ქვეყნის განვითარება იქნება შეუძლებელი.

„იმერეთიდან აბასთუმანზე გადასასვლელი გზა, საირმე-აბასთუმანი ორივე კურორტს გახდის ორმაგად მიმზიდველს. ცალ-ცალკე თითოეული არის მიმზიდველი, მაგრამ ორივე ერთად ალბათ ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება. ლენტეხი-მესტიის გვირაბიც არის ერთ-ერთი ის გზა, რომელიც მესტია-ლენტეხის პოტენციალის არამარტო სრულად ათვისების შესაძლებლობას მოგვცემს, არამედ გადააბამს ამ რეგიონებს ერთმანეთს, ლეჩხუმი, ლენტეხი, რაჭა, მთლიანობაში ეს რეგიონი უაღრესად და კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმისთვის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, გუშინ ჰქონდა შეხვედრა მცირე სასტუმროების მფლობელებთან.

„ეს მცირე სასტუმროები ძალიან კარგად ვითარდება რეგიონებშიც. თბილისში სამი-ოთხი წლის წინ იყო სამი-ოთხი ათასი ასეთი გასაქირავებელი ბინა და წელს მათმა რიცხვმა უკვე 15 000-ს მიაღწია. ეს რიცხვი სულ უფრო მეტად იზრდება. პრაქტიკულად, გამოდის, რომ ყველა ადამიანი თვითონ ერთვება ამ ბიზნესში და თვითონ პოულობს საშუალებას, თავისი თავი ირჩინოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.