სოზარ სუბარმა აჭარასა და გურიაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა
სოზარ სუბარმა აჭარასა და გურიაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარაში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი სახლი 700-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. პროექტის თანახმად, სტიქიით დაზარალებული ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახლების შესყიდვის პარალელურად, აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებშიც გადასცემს. ჯამში, 2013 წლიდან დღემდე, უსაფრთხო გარემოში 1300-მდე ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. სოზარ სუბარი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გურიის რეგიონშიც ესტუმრა. გურიაში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 70-მდე ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.