სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა
ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, 7 ნოემბრის მოვლენების დროს, მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და ნახა როგორც სცემდნენ ადამიანებს.
„მეც დამარტყეს, ადამიანებს ესროდნენ რეზინის ტყვიებს. სცემდნენ ჟურნალისტებს და ბადრის ლეკვებს ეძახდნენ. 2008 წლის იანვარში სააკაშვილი იყო მოსული ჩემს ოფისში, დახურულ კარს მიღმა იყო შეხვედრა და ჩემი პრეტენზიების შესახებ ვუყვებოდი. მკითხა, ვინ გცემაო, ავუხსენი და აღვუწერე თუ რა ეცვათ, სააკაშვილმა მითხრა, ეგ სასჯელაღსრულების სპეცრაზმი იყოო”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ყოფილმა სახალხო დამცველმა შსს-ში გამართულ თათბირზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებაში გუბერნატორები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დაიბარეს.
„მივიღე ინფორმაცია ვასილ მაღლაფერიძისგან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს გუბერნატორები და თათბირი შედგა, ასევე იყვნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც. ამ თათბირის შინაარსი იყო, რომ ყველა, ვინც აქტიური იყო ყველას დასჯა უნდა მომხდარიყო, სცემეთ, ყველას ვისაც ბიზნესი აქვს დაუწვითო, თუ ვინმე მათ უკან ბიზნესმენი დგას ამას დავით კეზერაშვილი მიხედავასო. თუ ვინმე მოძველბიჭოა ნარკოტიკები ჩაუდეთო. ამ შეხვედრაზე თქვა ვანომ, თუ ვინმემ არ იცის როგორ ხდება ადამიანების ცემა, კურსებს დათა ახალაია ჩაგიტარებთო. ჩვენ, როდესაც ჩავატარეთ მონიტორინგი მართლაც სწორედ ასე მოხდა. ადამიანებს იტაცებდნენ, სცემდნენ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, 7 ნოემბრის საქმესა და “ტელეიმედის” შეჭრაზე ჩვენება მისცა „სელფორდ საქართველოს“ ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი რუხაძემ. როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, როდესაც დარბევის შემდეგ, დიპლომატებთან ერთად „ტელეიმედში“ მივიდა, იქ იყო დაუმტვრეველი აპარატურა, თუმცა ამ აპარატურას უკან საზოგადოებრივი მაუწყებელი ეწერა.