სოზარ სუბარი - ყველა პარტიას, რომელიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგია, თავმჯდომარედ ჰყავს მამაკაცი, გადაირჩიონ გახარია, ხაბეიშვილი, ხაზარაძე, თუ მიაჩნიათ, რომ ესაა გამოსავალი
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მოუწოდებს ყველა იმ პარტიას, რომელიც გენდერულ კვოტირებას ემხრობა, გადაირჩიონ მამაკაცი თავმჯდომარეები და დანიშნონ ქალები, თუ ეს გამოსავლად მიაჩნიათ.
აღნიშნული განცხადება სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქალთა კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
„იმ პარტიებს, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან, თავმჯდომარედ ჰყავთ მამაკაცი. მინდა, მოვუწოდო, სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარიაც, ხაბეიშვილიც, ხაზარაძეც და თუ მიაჩნიათ, რომ ესაა გამოსავალი, აირჩიონ ქალები. შემდეგ ისინი სიაში ჩაწერენ ქალებს და მარტივად გადაწყდება ეს საკითხი, რად უნდა ამას კანონი და კვოტირება? ამასთან, ჩემს კოლეგებს მივმართავ, ძალიან კარგი და საინტერესო ინიციატივა აქვს „გირჩს“, ეს ეხება აბსოლუტურად ხელოვნური და მავნებლური ტერმინის კანონიდან ამოღებას – ესაა სიტყვა „გენდერი“. ამაში მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ყველა ასეთ ტერმინში ჩადებულია სამომავლო მავნებლობები“, – აღნიშნა სუბარმა.