სოზარ სუბარი - წლევანდელი არჩევნები ძალიან სერიოზულია, საქართველოს 2012 წლის არჩევანის კიდევ ერთხელ დადასტურება მოუწევს
წლევანდელი არჩევნები ძალიან სერიოზულია, 2012 წლის არჩევანის კიდევ ერთხელ დადასტურება მოუწევს საქართველოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს საქართველომ თავისუფლება აირჩია.
„ხშირად ვამბობთ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია და არა რომელიმე პარტიის. ჩვენ მივაღწიეთ, რომ საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ჩვენი კანონების თანხვედრა ხდება ევროკავშირის კანონებთან. მივაღწიეთ იმას, რომ ადამიანის უფლებები უმაღლეს სტანდარტზე ავიდა. მივაღწიეთ, რომ ევროპაში შეგვიძლია უვიზოდ სიარული, მაგრამ, როცა ვამბობთ, რომ ევროკავშირი არის ჩვენი არჩევანი, რა იგულისხმება ამაში? ამაში იგულისხმება ის, რომ მთავარი არის ადამიანი და ადამიანი დგას ყველაფრის ცენტრში, მასზე უნდა იყოს ყველაფერი ორიენტირებული. ეს მოიტანა 2012 წელმა და ეს არჩევანი დგას ახლაც ჩვენ წინაშე“, – განაცხადა სუბარმა.
ამასთან, სოზარ სუბარმა ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა.
„ქართული ოცნების“ მთავარი რეფორმა არის განათლების რეფორმა, რომელიც ნელ-ნელა შედის ძალაში და 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტის ყოველი ოთხი ლარიდან ერთი ლარი დაიხარჯება განათლებაზე. ბევრი ამბობდა, რომ შეუძლებელია ამის გაკეთება, ამაზე ბევრი კამათი გვქონდა. ამბობდნენ, როგორ გინდა, ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ლარი გადადო განათლებაზეო, მაგრამ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით“, – განაცხადა სუბარმა.