სოზარ სუბარი - ვინც პარლამენტში არ შევა, მათ მიმართ იქნება მძიმე დარტყმა ყველა არჩევნებზე, შეიძლება, ზოგიერთი პარტია გაქრეს, რადგან ამომრჩევლის მოთხოვნას უღალატეს
საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ვინც შანსს არ გამოიყენებს, რომ პარლამენტში შევიდეს, მათ მიმართ იქნება მძიმე დარტყმა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე, არამედ ყველა მომდევნო არჩევნებზე და შეიძლება, ზოგიერთი პარტია გაქრეს, რადგან მათ საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნას უღალატეს.
ჟურნალისტებთან საუბარში სოზარ სუბარი ოპოზიციის გზავნილებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ მართლა არჩევნების გაყალბების რაღაც სერიოზულ პროცესს ჰქონდა ადგილი.
„ჩვენ ვთქვით, რომ ეს რაღაც შეიძლება იყოს ერთი პროცენტი. დარწმუნებული ვართ, გაყალბების არც ერთი პროცენტი არ არსებობს და ამიტომ ასე თამამად მოვდივართ ასეთ სერიოზულ წინადადებაზე, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თავისი შედეგი არ მოეწონა, შეუძლებელია, არა დემოკრატიულია, არა ლოგიკურია და სისტემურ დემოკრატიას ანგრევს, ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს და ვერც მოხდება. ვქმნით, დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელშიც ოპოზიცია ჩაერთვება და უხელმძღვანელებს, თუ შემოვლენ. მკაფიოდ განვმარტავთ, რომ არჩევნების გაყალბების მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა დეპუტატმა.
კანონმდებელი აღნიშნავს, რომ დიალოგის გამართვა შეიძლება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე.
„ამ ნაწილში შეგვიძლია, ბევრ დათმობაზე წასვლა. დათმობაზე წასვლა გულისხმობს არა იმას, რომ რომელიმე სისტემა უკეთესია, არამედ მოცემულ პოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანას რა აწყობს. ქვეყნისთვის ბუნებრივი ბარიერი და ერთპროცენტიანი ბარიერი კარგი არ არის, მაგრამ 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერი კარგი ნაბიჯი იყო სწორედ პოლიტიკური სიტუაციის განსამუხტად, მაგრამ პარტიები, რომლებიც ამას ითხოვდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, თუ ქვეყანაში გვინდა, დემოკრატიული სტაბილურობა დამყარდეს, ბარიერი უნდა ავწიოთ“, – დასძინა სუბარმა.