სოზარ სუბარი - ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას მიზანია, როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უარს თუ გვეტყვიან, ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც მარტში ვერ შეძლეს, ის შეძლონ შემოდგომაზე
სოზარ სუბარი - ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას მიზანია, როგორმე ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უარს თუ გვეტყვიან, ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც მარტში ვერ შეძლეს, ის შეძლონ შემოდგომაზე

ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ბოლშევიკური „ტროიკა“ როდესაც ბრიუსელის დერეფნებში დადის და, პრაქტიკულად, ყველა კარზე აკაკუნებს, როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ უარს თუ გვეტყვიან, ამ შემთხვევაში ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი იოანე შაიშმელაშვილთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მებრძოლების იმ ნაწილის, რომლებიც პოლიტიკურად ბოლომდე აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და უკრაინიდან პერიოდულად იმუქრებიან საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებით, თბილისში ჩამოსვლაც არ იყო შემთხვევითი ამბავი და ეს ყველაფერი მიდის ომის პარტიის მიზნებთან, როგორმე საქართველო ომში ჩაითრიონ.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება, ჩვენი კულტურა და ყოველთვის უნდა დავიცვათ ეს ღირსება. გამორიცხულია, დავთმოთ, რადგან ღირსების დათმობა სახელმწიფოებრიობის დათმობასაც ნიშნავს და ტყუილად არ ვამბობთ, რომ ევროკავშირში ჩვენი ღირსებით უნდა შევიდეთ და არა ასკინკილით და ცალ ფეხზე დგომით, როცა გეტყვიან, რომ თუ გინდა, ევროპაში მიგიღოთ, დადექი ახლა კუთხეში ცალ ფეხზე და ერთი კვირა იდექი. ბოდიში, ეგრე არ გამოვა და ვერ იქნება იმიტომ, რომ თუ ვინმე ამას გთხოვს ე.ი. ის არ არის ის, საითაც უნდა ისწრაფოდე, ის არ არის ის ევროპა, რომელიც ჩვენ გვგონია. ევროპა სხვა რამეა და ზუსტად იმ ევროპაში გვინდა ჩვენ. შემთხვევითი არ არის ის ამბავიც, რომ ქართველი მებრძოლების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურად ბოლომდე აფილირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც უკრაინაში იბრძვის აგრესორის წინააღმდეგ და პერიოდულად იმუქრება საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებით, მათი უმრავლესობა ჩამოსული იყო თბილისში ამ დღეების განმავლობაში. ესეც არ იყო შემთხვევითი ამბავი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და საბოლოოდ მიდის ომის პარტიის მიზნებთან, როგორმე საქართველო ჩაითრიონ ომში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.