სოზარ სუბარი - ვანთან დაკავშირებით ისეთი მკაცრი შეზღუდვა არ არის, როგორც დავაწესეთ ბოლნისსა და მარნეულში, თუმცა მასთან მიახლოებულია
ვანთან დაკავშირებით არ არის ისეთი მკაცრი შეზღუდვა, როგორც თავდაპირველად დავაწესეთ ბოლნისსა და მარნეულში, თუმცა მასთან მიახლოებულია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ვანთან დაკავშირებით პირველივე წუთიდან ცხადი იყო, რომ ეს კლასტერი შეიძლებოდა, საკმაოდ ფართო ყოფილიყო. თუმცა, არ ვიცოდით, რამდენად ფართო შეიძლებოდა, ყოფილიყო და ზომები ამიტომაც იქნა მიღებული. ორი გამშვები პუნქტი უკვე მოწყობილია. ხვალ კიდევ ორი მოეწყობა და ვანში ყველა შესასვლელი აუცილებელ შემოწმებას დაემორჩილება. ეს არის თერმოსკრინინგი. ეს არ არის ისეთი მკაცრი შეზღუდვა, როგორც თავდაპირველად დავაწესეთ ბოლნისსა და მარნეულში. თუმცა, მასთან მიახლოებულია“, – განაცხადა სუბარმა.
ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ვანის რაიონში დაფიქსირებული მხოლოდ ერთი შემთხვევის გამო, რატომ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტში ზომების გამკაცრება და საკონტროლო გამშვები პუნქტების მოწყობა.
მისი თქმით, უკვე ამ წუთებისთვის, ვანის რაიონში ეს აღარ არის მხოლოდ ერთი შემთხვევა.
„უკვე შესწავლილია ძალიან ბევრი კონტაქტი, რომელიც დაინფიცირებულ ქალბატონს ჰქონდა. საბედნიეროდ, უმრავლესობა უარყოფითი აღმოჩნდა. თუმცა, არის ორი დადებითი, დადასტურებული შემთხვევა. თუ ორზე გაჩერდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა, მაინც უნდა გავფრთხილდეთ და ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა გადავამოწმოთ, რომ ვირუსის გავრცელება უფრო შორს არ გაგვექცეს“, – განაცხადა სუბარმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ვანში ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას და რაიონის საერთოდ ჩაკეტვას, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ვითარების შესაბამისად მიიღება.
„ერთ-ორ დღეში გამოჩნდება, რა ვითარება იქნება. ფაქტი ერთია, რომ ეს ორი შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, რომელიც მართლაც მოსალოდნელი იყო. დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი მოსალოდნელობა იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩით და დაავადება იმ მასშტაბით არ აღმოჩნდა, როგორც შეიძლებოდა, ყოფილიყო. ასე რომ, შესაძლებელია, უფრო მეტი გამკაცრება არ იყოს აუცილებელი“, – განაცხადა სუბარმა.
შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ბოლნისსა და მარნეულში საკარანტინო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას, სუბარმა განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნაზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ ნელ-ნელა იწყება გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები.
„ჯერ ადრეა სურათის შეცვლაზე ლაპარაკი. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ადეკვატური ვიქნებით; მოვიქცევით ისე, როგორც სიტუაცია გვიკარნახებს და, როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები გვირჩევენ. რაც შეეხება იქ ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას, ასეთი დაახლოებით, 200 ადამიანია. ნაწილმა შეიძლება, არც მოისურვოს გამოსვლა, რადგან შეიძლება, ორკვირიან კარანტინს მოერიდონ, მაგრამ უმრავლესობა უკვე გამოდის და ისინი თავიანთ სახლებში ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდებიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.