სოზარ სუბარი - უდიდესი ტკივილია, როდესაც ოთხი არასრულწლოვანი იღუპება და თუ ვინმეს ამის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდა, მათ სინდისზეა
უდიდესი ტკივილია, როდესაც ოთხი არასრულწლოვანი იღუპება და თუ ვინმეს ამის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდა, მათ სინდისზეა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სოზარ სუბარი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და ბაღდათის გამგებელ არჩილ გოგსაძესთან ერთად ბაღდათში მომხდარი შემთხვევისას დაღუპულების ოჯახის ახლობლებს შეხვდა.
„მინდოდა, გავრკვეულიყავი, რა მოხდა. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია და ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მაგრამ მანამდე ცხადია, თანადგომა გამოვუცხადეთ ოჯახის წევრებს. ახლა დეტალებზე საუბარი ძალიან ძნელი იქნება, ვთქვათ სოციალურ დახმარებასთან თუ საცხოვრებელთან დაკავშირებით. მერისგან რა ინფორმაციაც მივიღე, მათ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მისცეს საცხოვრებელი სახლები. ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან და ორივეს მიცემული ჰქონდა სახლი. რა პირობებში იყვნენ და რა მდგომარეობა იყო, ამას უკვე გამოძიება გასცემს პასუხს. ან რატომ იყვნენ გადმოსული ამ შენობაში, სადაც ხანძარი მოხდა. როგორც მითხრეს, ორი დღის წინ გადმოვიდნენ ამ შენობაში. მანამდე ისინი თავის სახლში ცხოვრობდნენ.
სოციალური დახმარების შეჩერებაზე თუ შეწყვეტაზე არ იყო მართალი ინფორმაცია. როგორც მითხრეს, შეწყვეტილი ჰქონდათ ერთი თვით, მაგრამ შემდგომ აღუდგათ და ეს ვერ იქნებოდა მათი აქ გადმოსვლის მიზეზი. მაგრამ, ამ წუთში, ამ ყველაფერზე ლაპარაკი არის აზრს მოკლებული, რადგან ეს არის უდიდესი ტკივილი. პირველ რიგში, უნდა დავუდგეთ გვერდში ოჯახის წევრებს, ვისაც ეს პირადად შეეხო, თუმცა ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვისაა, რაზეც გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, გააკეთა თუ არა მაქსიმუმი სახელმწიფომ, რადგანაც ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე უთითებენ, სუბარმა განაცხადა, რომ კიდევ რისი გაკეთება შეეძლო ან რამე დააკლო თუ არა, ამაზე გამოძიება ჩატარდება.
„რაც შეეხება სახელმწიფოსკენ თითის გაშვერას, ახლა, ასეთ დროს ჩვენ არაფრის უფლება გვაქვს, გარდა იმისა, რომ მათ გვერდით ვდგავართ და მაქსიმალურად ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ტკივილი. როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამას აკეთებენ, უბრალოდ, ასეთი ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის არ მგონია, მათზე კარგად მეტყველებდეს. როდესაც ოჯახის წევრები და ახლობლები ამას ამბობენ, მათ აქვთ ყველაფრის უფლება, გამოხატონ პრეტენზია და შეიძლება, მათ სიტყვებში იყოს ჭეშმარიტების მოზრდილი მარცვალი“, – აცხადებს სოზარ სუბარი.
ბაღდათში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და მისი ოთხი არასრულწლოვანი შვილიც. ასევე, გარდაცვლილია მათი მეზობელი ქალი.