სოზარ სუბარი - ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაც მოვისმინეთ, დარწმუნებული ვარ, სწორედ დაუშვილის ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას პარტნიორებისგან მოითხოვს
ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო – ამაში ერთმანეთი ამხილეს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა.
სუბარმა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს მიმართა და მის მიერ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე პასუხად საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა.
„ვიდრე ბოდიშს მოიხდით და, რა თქმა უნდა, ბოდიშს არ მოიხდით – როგორც ეს ოპოზიცია დარბოდა ბრიუსელში, რომ საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, შემდეგ ამაში ერთმანეთი ამხილეს, დარწმუნებული იყავით, რომ ზუსტად ასე დარბიან დღეს, რათა ეს მძიმე განცხადებები გააკეთებინონ, რაც დღეს აქ მოვისმინეთ. სწორედ მისი ხელმძღვანელი, მოღალატე გახარია იქნება პირველი, ვინც ამას ჩვენი პარტნიორებისგან ითხოვს – ეს არის ამათი მოღალატეობის კიდევ ერთი დადასტურება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას?“