სოზარ სუბარი - შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაცულია საქართველოს კანონით, არავინ შეუშლის ხელს, თუმცა კანონის დარღვევა სადაც მოხდება, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება
სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს, მშვიდობიანად ვინც შეიკრიბება, იმას, ბუნებრივია, აქვს ამის უფლება და არავინ შეუშლის ხელს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატები უკვე პარლამენტში იმყოფებიან, წარმოაჩენს, როგორი არასერიოზულია ოპოზიცია.
„მადლობა, რომ არ მკითხეთ, ვარ თუ არა ახლა პარლამენტში, რადგან ბევრი იხუმრეს, მაგრამ ეს საკითხიც ძალიან კარგად წარმოაჩენს, როგორი არასერიოზული ოპოზიცია გვყავს პარლამენტში, რომლებიც რაღაცას იგონებენ და მერე თვითონ ცდილობენ ამ თემის წამოწევას. ხვალ ყველაფერი წარიმართება კანონის შესაბამისად, კომიტეტი შეიკრიბება, იმსჯელებს და შემდეგ, ზეგ უკვე კანონი განხილული და მიღებული იქნება პარლამენტის პლენარულ სესიაზე. შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაცულია საქართველოს კანონით და, ბუნებრივია, არავინ შეუშლის ხელს არავის, თუმცა იქ, სადაც კანონის დარღვევა მოხდება, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება. აქ იგულისხმება, როგორც პარლამენტის ბლოკირება, ისე ის თავდასხმები, რომლებიც წინა დღეებში ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე, პოლიციელებზე თუ სხვადასხვა ქონების დამტვრევა. ეს არის დანაშაული და დანაშაულზე შესაბამისი რეაგირება იქნება, ბლოკირებაც არის აბსოლუტურად გამორიცხული, ვერანაირ ბლოკირებას ვერ მოახდენენ და ვინც კანონს დაარღვევს, კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ორშაბათს არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო სამშაბათს იქნება სესია, შესაბამისად, პირველივე დღეს იქნება განხილული.
„მე პირადად ერთი რამ მინდა, ვთქვა ამ აქციებთან დაკავშირებით. ეროვნული მოძრაობის დროს პირველი აქცია რომ იყო, სადღაც 30 კაცი შეიკრიბა, დიდუბის მეტროდან დიდუბის ეკლესიამდე მივედით, იმ დღიდან მოყოლებული, მგონი, არცერთი საპროტესტო აქცია არ გამომიტოვებია და ყოველთვის ყველა აქცია იყო მშვიდობიანი. რომ გაიხსენოთ 2011-2012 წლები, ჩვენი, „ქართული ოცნების“ აქციები, რომლებზეც მართლა 100-150 ათასი ადამიანი იკრიბებოდა ყოველ ჯერზე, ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი აქციები, რომლებსაც მოჰქონდა მხოლოდ დადებითი ემოცია, მხოლოდ სიმღერა, მხოლოდ მომავლის რწმენა, დაპირებები. ის, რასაც დღევანდელი ოპოზიცია აკეთებს, როდესაც ცდილობენ მაქსიმალურად, დაარღვიონ კანონი და დაარღვევინონ რაც შეიძლება მეტ მომიტინგეს, ხშირ შემთხვევაში ესენი არიან ახალგაზრდები, ზოგ შემთხვევაში არ არიან ახალგაზრდები, მაგრამ ცდილობენ, გამოიწვიონ სახელმწიფო, ცდილობენ, აიძულონ პოლიციელები, ვთქვათ, რაღაც ძალადობაზე. გვახსოვს კიდევ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება 19 ივნისის შემდეგ, რომ ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ გაესროლათ რეზინის ტყვიებიო. აი, ეს არის მათი მიზანი და ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმ ქართული ტრადიციის, რომელიც დამკვიდრდა. თუ მათ გამარჯვების იმედი აქვთ, ხომ არის 2012 წლის მაგალითი აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგების, აბსოლუტურად მშვიდობიანი გეგმების გაცხადება ჩვენი მხრიდან და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ არჩევნებზე, მაგრამ კარგად იციან, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რადგან ქართველი ხალხი მათ ხმას არ აძლევს. ამიტომ ცდილობენ, დაძაბონ ურთიერთობა, მაგრამ ნუ ექნებათ ნურც ამის იმედი, რადგან ხალხი მათ არ გაჰყვება. სახელმწიფო დღეს არის ძალიან ძლიერი და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს. ვინც მშვიდობიანად შეიკრიბება, იმას, ბუნებრივია, აქვს ამის უფლება და არავინ შეუშლის ხელს. პირიქით, საქართველოს ხელისუფლება, ქართველი სამართალდამცველები არიან გაცილებით მომთმენები, ვიდრე მათი უცხოელი კოლეგები. ყოველდღე ვხედავთ კადრებს, როგორ მოქმედებს დასავლეთში პოლიცია და როგორ განსხვავებულად იქცევა საქართველოს პოლიცია, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. როდესაც პოლიციელებზე თავდასხმა ხდება, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.