სოზარ სუბარი - შალვა თადუმაძე დღეს რომ მთავარი პროკურორია, ეს სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი გამარჯვებაცაა
სოზარ სუბარი - შალვა თადუმაძე დღეს რომ მთავარი პროკურორია, ეს სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი გამარჯვებაცაა

შალვა თადუმაძე დღეს რომ საქართველოს მთავარი პროკურორია, ეს სამოქალაქო საზოგადოების ერთგვარი გამარჯვებაც არის, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„წლების განმავლობაში, მისი მთავარი საქმე ადამიანის უფლებების დაცვა გახლდათ. ის სამოქალაქო სექტორში იყო და იყო ძალიან სერიოზული უფლებადამცველი. შალვა თადუმაძე ის ადამიანია, რომელიც ამ წრიდან მოდის, ამ ღირებულებებით ცხოვრობდა და ყოველთვის ამ ღირებულებების გამტარი იქნება. ღირებულებებში ვგულისხმობ კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას და მათ შორის, სამართლიანობის აღდგენას “, – განაცხადა სუბარმა.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნება თუ არა შალვა თადუმაძე ის მთავარი პროკურორი, რომელიც არსებულ პრეტენზიებსა და გამოწვევებს უპასუხებს, იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ გახმაურებული საქმეების პროკურორები, ამ დრომდე, ახალი გახმაურებული საქმეების პროკურორებად რჩებიან, საზოგადოებას კი, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენა ძალიან რთული პროცესია და სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რამ ვერ გაკეთდა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.

„მოხდა არა ერთი ადამიანის გამართლება, არა ერთი წართმეული ქონების დაბრუნება, არა ერთი დამნაშავის, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირების დასჯა და ა.შ, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გაძლიერდეს და არა ერთი გამომძიებელი, თუ პროკურორი უნდა დაემატოს სპეციალურად შექმნილ დეპარტამენტს, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. როგორც ვიცი, ამ მიმართულებაზე შალვა თადუმაძეს დაახლოებით, ასეთი წარმოდგენა აქვს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.