სოზარ სუბარი - საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს, როგორც ჩანს, ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, პასუხი გაეცა ამ ღალატისთვის, ვფიქრობ, კითხვები აღარავის დარჩა
პირველი წუთიდან ვამბობდით, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან მომენტში გიორგი გახარიამ უღალატა სახელმწიფოს და გუნდს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ გუნდის, არამედ სახელმწიფოს ღალატი იყო.
„ეს არ იყო მხოლოდ გუნდის ღალატი, ეს იყო სახელმწიფოს ღალატი, სამართლისა და კანონის უზენაესობის ღალატი, ზურგში დანის ჩარტყმა, რადგან როცა კანონი უნდა აღსრულდეს, ხოლო პრემიერი ამბობს, რომ წინააღმდეგია კანონის აღსრულების და თანამდებობიდან მიდის, შეიძლება, ამას ჰქონდეს მიზანი, რომ ამ კაცის მოზანი იყო, ჩამოეშალა სახემწიფო ინსტიტუტები, რაც არ შედგა. რეგიონებში გახარია და მისი გუნდი დადიოდნენ და ჭორებს ავრცელებდნენ, თითქოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივა, რაც იყო ტყუილი. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, პასუხი გაეცა ამ სიცრუისთვის და იმ ღალატისთვის, რაც ჩაიდინეს გახარიამ და მისი გუნდის წევრებმა. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ამ ფონზე როცა ვიღაც ცდილობს, მისი სახელი გამოიყენოს, მან საჭიროდ ჩათვალა, რომ ყველაფერს ნათელი მოჰფინოს და თავისი პიზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. მგონი, კითხვები აღარავის აღარ დარჩა. პოლიტიკური გზა გახარიასთვის ხსნილია, ვნახოთ, რა პროცენტს აიღებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბიძინა ივანიშვილმა დღეს გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.