სოზარ სუბარი - საქართველოს თურქეთისგან აქვს მყარი გარანტია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იქნება ისეთ პირობებში, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს
დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის განხილვა სასამართლებრივ სფეროში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თურქული მხარის მიერ წარდგენილი საბუთები საკმარისად მყარი იქნება, საქართველოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ისეთ პირობებში იქნება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მყარ საბუთებს წარმოადგენს თურქული მხარე, რომ ამ ადამიანს კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. ამაზე წინასწარ სპეკულაციებს ვერ დავიწყებ. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ თუ ეს საბუთები იქნება საკმარისად მყარი, საქართველოს სახელმწიფოს მიღებული აქვს ძალიან მყარი დიპლომატიური გარანტია კონკრეტულად ამ პირთან დაკავშირებით, რომ ის იქნება ისეთ პირობებში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19 თებერვლისთვის გადაიდო.