სოზარ სუბარი - საქართველოს სურს ნატო-ს წევრობა, რათა დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არა იმისთვის, როგორც ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა, ღია კარებში უსასრულოდ დაგვაყენონ
ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში კეთდებოდა და დღესაც კეთდება, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, ეს ეჭვი მას შემდეგ გაუმყარდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ იგეგმება და არც არასდროს იგეგმებოდა.
„გამოჩნდა, რომ ნატო-ში მიღების დაპირება ერთგვარი სატყუარა იყო, იმისთვის, რომ ორივე ქვეყანას გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს და უკრაინას ნატო-ს გვისახავენ, როგორც ხსნას. უცებ აღმოჩნდა, იგივე ნატო-უკრაინასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის მიღება ნატო-ში არ იგეგმება და არც არასდროს იგეგმებოდა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირდაპირ განაცხადა. გამოჩნდა, რომ ნატო-ში მიღების დაპირება ერთგვარი სატყუარა იყო, იმისთვის, რომ ორივე ქვეყანას გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა.
ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში კეთდებოდა და დღესაც კეთდება. საქართველოს სურს ნატო-ს წევრობა, ოღონდ იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არა იმისთვის, როგორც ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა – დაგვაყენონ ღია კარებში უსასრულოდ, რამაც შეიძლება გარკვეული დაავადებები გამოიწვიოსო. არ ვიცით თარიღი, როდის შეიძლება გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში და არ ვიცით სამოქმედო გეგმა, რადგან ამას არავინ გვეუბნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.