რთულ პერიოდში მოუწია მინისტრთა კაბინეტს მუშაობა და არანაკლებ რთული გამოწვევები გველოდება წინ. ეს ის გამოწვევებია, რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს უზარმაზარი რისკების წინ გვაყენებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი ნაბიჯი იყოს აწონ-დაწონილი, რადგან ერთ გადაწყვეტილებაზე უზარმაზარი შედეგები არის დამოკიდებული, – განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანდა პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დადგა ვირუსისა და კრიზისის მხარეს და ყველაფერს აკეთებს, რათა პრობლემები კიდევ უფრო გამწვავდეს.
„ქვეყანა ძლიერი მაშინ არის, როდესაც ძლიერი რეგიონებია, ყველა რეგიონი თანაბრად ვითარდება. ბანალურ ჭეშმარიტებას ვიმეორებ, მაგრამ ეს ასეა და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ გამართული მუშაობა თვითმმართველობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რომელიც რეგიონული განვითარებისთვის მთავარი მამოძრავებელი ღერძია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შემდეგ წლებში, ამ პირობებში კრიზისი არ შეეხოს ჩვენს რეგიონებს. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან შთამბეჭდავი ანგარიში, დახუნძლული ციფრებით. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება 20 მილიარდი ლარი. ეს არის უზარმაზარი ციფრი და გარანტი იმისა, რომ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდება, არამედ ეკონომიკური ზრდა იქნება, რომელიც ასე შეფერხდა. ეს ერთგვარად სტიმულს მისცემს კერძო ეკონომიკურ საქმიანობასაც. ინფრასტრუქტურაა სწორედ ის ღერძი, რომელზეც საბოლოოდ ეკონომიკა უნდა დაეშენოს და განვითარდეს. 200 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდა ბოლო რვა წლის განმავლობაში და კიდევ 200 ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა აშენდეს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. რომ წარმოვიდგინოთ, ეს რამხელა მასშტაბია, ვიტყვი, რომ 70-68 კილომეტრი მსგავსი გზა აშენდა 2004-2012 წლებში, ანუ ზუსტად იმდენივე, რამდენიც აშენდა მხოლოდ მიმდინარე წელს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პასუხი ჩემს კითხვაზე იყო ძალიან ზუსტი და დამაიმედებელი, რომ წყალი ხდება ნომერ პირველი პრობლემა უამრავ პრობლემას შორის. მართლაც საოცარია, მაგრამ ძალიან ბევრი ქალაქი, სოფელი, მუნიციპალიტეტი არის სასმელი წყლის გარეშე, არათუ 24-საათიანი მომარაგება არ არის, არამედ ბევრ ადგილზე საერთოდ არ არის ეს წყლის სისტემები. ძალიან კარგია, რომ ქუთაისში, ჭიათურაში, ბათუმსა და ზუგდიდში მოწესრიგდა ეს საკითხი, თუმცა დარჩენილი არის ძალიან ბევრი ქალაქი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი ინფორმაციით, 350 მილიონი ლარი იქნება ის თანხა, რომელიც მომავალ წელს მხოლოდ წყლის პროექტებისთვის დაიხარჯება. მისივე თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება ორი მილიარდ 422 მილიონი ლარი, რაც არის 550 მილიონით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს.
„თუმცა, აქვე ვიტყვი იმ ძალიან სერიოზულ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ყველა მუნიციპალიტეტს. ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდის შედარებით შემცირებული ბიუჯეტი, დაახლოებით, 100 მილიონით. ძალიან მიჭირს ამ კრიზისის ფონზე ვთხოვო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, რომ რაღაც თანხა გამოვნახოთ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის აუცილებელი, იმიტომ, რომ ესაა თანხა, რომელსაც ელოდება ჩვენი მოსახლეობა, ყველა მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, ყველაზე მასშტაბური პროექტი არის აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი მაგისტრალი, თუმცა არის უაღრესად მნიშვნელოვანი სხვა პროექტებიც, რომლებსაც წლებია, ელოდება ქართული საზოგადოება.
„ეს პროექტი გვიქმნის საშუალებას, რომ უმნიშვნელოვანესი ტურისტული რეგიონები (სამცხე-ჯავახეთი თავისი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლებით, ბათუმის სანაპირო და, ზოგადად, დასავლეთ საქართველოს საზღვაო სანაპირო) დაკავშირდეს ერთმანეთთან და მთის აჭარა, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ უნიკალური ბუნებაა. ეს უზარმაზარი რეგიონები დამატებით ეკონომიკურ პოტენციალს შექმნის. მეორე უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზა, ცხრაკილომეტრიანი გვირაბი ურთულესი საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც გაზრდის არა მხოლოდ ამ კონკრეტული რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ გააძლიერებს მთელი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა. მან ასევე თვითმმართველობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
„2012 წლიდან დაიწყო რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება: არჩევითი მერები, 50-პროცენტიანი ბარიერი, რეალური ბიუჯეტი, თუმცა ეს ბიუჯეტი მაინც არ არის საკმარისი. თუმცა არის მუნიციპალიტეტები, რომლებშიც მკვეთრად გაიზარდა თვითდაფინანსება, ადგილობრივი შემოსავლები. რამდენიმეს ჩამოვთვლი მხოლოდ: გარდაბანი – 22 მილიონიდან 48 მილიონამდე, ყაზბეგი ხუთი მილიონიდან 20 მილიონამდე, მესტია 600 ათასიდან 11 მილიონამდე. ეს არის ის ბიუჯეტები, რომლებსაც აქვს საშუალება, მოსახლეობის ძალიან ბევრი პრობლემა გადაწყვიტოს. ბევრ მუნიციპალიტეტს, სამწუხაროდ, არ აქვს ასეთი შემოსავლები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მუნიციპალიტეტებს გაუჩნდეთ თავისი შემოსავლები“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე.
„შარშან დამთავრდა მუცოს რეაბილიტაცია. მუცო, რომელმაც მოიპოვა ევროპა ნოსტრას მთავარი პრიზი და ეს ულამაზესი ადგილი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ გახდა ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ობიექტი. გვაქვს არაერთი ძეგლი, რომელთაც ასევე ძალიან სჭირდებათ შველა. ჩამოვთვლი იმ პროექტებს, რომლებიც დაწყებულია: აბასთუმანი, ასურეთი, შვაბების ქუჩა, უშგული, წყალტუბო, რომელიც თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურითა და წყლის რესურსებით შეიძლება, გახდეს მთელი დასავლეთ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ჰაბი. მთა-თუშეთში მომავალ წელს იწყება მასშტაბური პროექტი, პირველად იწყება სოფელ ძველ დიკლოთში და ასევე რამდენიმე პროექტი, რომლებზეც მინდა, გავამახვილო ყურადღება: მომავალ წელს უნდა დაიწყოს რესტავრაცია არხოტში (ხევსურეთი). ორი პროექტი, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის გამო ეჭვის ქვეშ დგას, დაიწყება თუ არა, არის სოფელი გოგოლათი, რომლის პროექტირება ჯდება ორი მილიონი და რომელიც კარგი იქნება, თუ დაიწყება გაისად და სოფელი ლაღანი, რომელზეც დაპროექტება გაკეთებულია, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო, ეჭვის ქვეშ დგას, თუ რამდენად შევძლებთ. თუნდაც რომ დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ამასობაში ტურისტული სეზონიც მოგვისწრებს. ეს არის ის ძეგლები, რომლებიც არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია მნიშვნელოვანი, არამედ თითოეული აქ დახარჯული ლარი ათმაგად მობრუნდება ქვეყნის ეკონომიკაში და მოსახლეობის შემოსავლებში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.