სოზარ სუბარი - საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიციამ სცადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად გამოეყენებინა
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციამ სცადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად გამოეყენებინა. მეტიც, ყველაფერს აკეთებდნენ და ეს მცდელობა დღესაც არ შეუწყვეტიათ, რომ უშუალოდ ჩავერთოთ ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც და აქტივისტებიც ჰიბრიდულ ომში არიან ჩაბმული საქართველოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ ჰიბრიდულ ომში, ყველაფერს აკეთებენ, რათა შეძლონ საქართველოს ჩათრევა რეალურ ომში, იმ ომში, რომელიც მოძმე უკრაინაში მიმდინარეობს დღეს.
„არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციამ სცადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად გამოეყენებინა. მეტიც, ყველაფერს აკეთებდნენ და ეს მცდელობა დღესაც არ შეუწყვეტიათ, რომ უშუალოდ ჩავერთოთ ამ ომში, ახლა კი, როცა გაჩნდა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივა, ოპოზიცია ისევ საკუთარ მიზნებზე ლაპარაკობს: „საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღების გზა ხელისუფლების გამოცვლაზე გადის“ (გიგა ბოკერია), „ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა „ქართული ოცნებაა“ (გიორგი ვაშაძე). როგორც ყოველთვის, მსგავს დესტრუქციულ განცხადებებს, ტონს ამჯერადაც პატიმარი სააკაშვილი აძლევს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მორიგი მოწოდებები გააკეთა: – ჩვენ თუ ამ მთავრობას არ ჩამოვაგდებთ, თუ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზებას და ქუჩებში არ გამოვალთ, საქართველო დაღუპულია; როდესაც ამ მთავრობის მოშორებაზე ვსაუბრობ, საუბარია ამის მიღწევაზე მასობრივი, არაძალადობრივი სახალხო გამოსვლებით; ჩვეულებრივ საპარლამენტო რუტინაში დარჩენა დღეს ოლიგარქის თამაშია და მეტი არაფერი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, გასაოცარი ისაა, რომ ამჯერად ამ მოწოდებებს გამოეხმაურნენ არა მიხეილ სააკაშვილის პარტია და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები, არამედ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და სწორედ მათ დააანონსეს პერმანენტული აქციების დაწყება და დაიწყეს კიდეც მოქმედება. ოპოზიციამ ვერ შეძლო მათი ბელადის ვერც ერთი ბრძანებისა თუ მოთხოვნის შესრულება.
სოზარ სუბარის განცხადებით, საკუთარი პარტიისგან ამდენი იმედგაცრუების შემდეგ სააკაშვილი რამდენიმე აქტივისტის და რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად დარჩა და დღეს მის მოთხოვნას – დაიწყოს მასობრივი აქციები, მხოლოდ ორგანიზაცია „სირცხვილია“ და რამდენიმე აქტივისტი – ცირა ელისაშვილი, ნატა ფერაძე და ორიოდე მათი თანამებრძოლი გამოეხმაურა.
„ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს რამდენად გამარგინალდა დღეს „ნაციონალური მოძრაობაც“, მათი ბელადიც და მათთან აფილირებული რადიკალური ოპოზიციაც. რომ გითხრათ, ძალიან გული მტკივა ოპოზიციის ბედზე, არ ვიქნები ბოლომდე მართალი. მაგრამ მაინც არ დავიზარებ და ერთ რჩევას მივცემ: დღეს, როდესაც ისტორიული მომენტია და როდესაც გვაქვს შანსი გავხდეთ ევროკავშირის წევრები საკმაოდ მალე, შეეშვან დესტრუქციას, შეეშვით მუდმივად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მით უმეტეს მაინც არაფერი გამოგდით და ცოტა მეტი იფიქრეთ ჩვენს სამშობლოზე და ჩვენი ხალხის მომავალზე და მაშინ შეიძლება ერთობლივად გამოჩნდეს ის თემები, სადაც ჩვენ თანამშრომლობა შეგვიძლია და სადაც მართლაც თქვენც ჩართული იქნებით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის საქმიანობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.