სოზარ სუბარი - სამწუხაროა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ ექცევა მიხეილ სააკაშვილის გავლენისა და იდეების ტყვეობაში
სამწუხარო ის არის, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ ექცევა მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ და ამ ადამიანის იდეების ტყვეობაში, რაც ჩანს, თუნდაც პომპეოს ვიზიტისადმი მათ დამოკიდებულებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, „სააკაშვილი და მისი პარტია დიდი ხანია გადაიქცნენ მთავარ დესტრუქციულ ძალად ქართულ პოლიტიკაში“.
„მისი ამგვარი განცხადებები პირველი არ არის, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, როგორ ამბობდა, რომ მთელი დასავლეთი, პრაქტიკულად ესენი არიან დამპყრობლები. ვთქვათ უკრაინის მაგალითზე ამბობდა ამას და თამაშობდა რუსეთის თამაშს. ასევე, ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ამბობდა ჩემ ძალიან კარგ მეგობარზე და საქართველოს უდიდეს მეგობარზე თომას ჰამებერგზე 2008 წელს, რომ ეს ადამიანი არის რუსეთის აგენტი, მხოლოდ იმის გამო, რომ თომას ჰამებერგი, რომელიც მაშინ იყო ადამიანის უფლებათა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასრულებდა უმნიშვნელოვანეს როლს ქართველი ტყვეების გამოხსნაში და მიცვალებულების გადასვენებაში. ამიტომ მისგან არაფერი უნდა გვიკვირდეს, უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი კიდევ ერთხელ ექცევა ამ ადამიანის გავლენის ქვეშ და ამ ადამიანის იდეების ტყვეობაში, რაც ჩანს, თუნდაც პომპეოს ვიზიტისადმი მათ დამოკიდებულებაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.