სოზარ სუბარი - სამი თვით ადრე დააანონსებენ, რომ ქვეყანას შეძრავენ, შემდეგ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათას კაცს შეკრებენ, მერე დაიშლებინ და შინ წავლენ
მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან მის მიმართ განაჩენები ძალაშია შესული, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარ სოზარ სუბარმა 14 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს, მთავარია ის კანონის ფარგლებში ჩატარდეს.
„ხვალ იქნება მორიგი აქცია, რომელსაც პერიოდულად ატარებენ ხოლმე. სამი თვით ადრე იტყვიან და დააანონსებენ, რომ ქვეყანას შეძრავენ და შემდეგ რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათას კაცს შეკრებენ, შემდეგ კი, დაიშლებინ და შინ წავლენ. აქციის უფლება ყველას აქვს. მთავარია, ეს კანონის ფარგლებში ჩატარდეს და არავის მოუნდეს კიდევ ერთხელ კანონის დარღვევა და სადმე შტურმის მიტანა. შტურმის ალბათობას არანაირად არ ვუშვებ. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. რაც შეეხება აქციის მიზანს, სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება, რადგან მის მიმართ განაჩენები ძალაშია შესული. კიდევ ორ საქმეზე მიდის გამოძიება, არ ვიცი, საზღვრის სავარაუდოდ უკანონო კვეთაზე დაწყებულია თუ არა გამოძიება. უკრაინამ დაიწყო გამოძიება მათი საზღვრის უკანონო კვეთაზე“, – განაცხადა სუბარმა.