სოზარ სუბარი - სამძიმარს ვუცხადებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს, ეს უმძიმესი ტრაგედია და დანაშაული არის განგრძობითი ოკუპაციის შედეგი, რომელიც 2008 წელზე გაცილებით ადრე დაიწყო
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, თუმცა კარგად გვესმის, რომ როცა საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ერთ დღეში დამნაშავეების დასჯა ადვილი არ არის, თუმცა ისინი აუცილებლად დაისჯებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა სოფელ კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა უმძიმეს ფაქტად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხდარი არის რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის შედეგი.
„დანაშაული და უმძიმესი ტრაგედია მოხდა. პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს. ეს არის შედეგი ოკუპაციის, რომელიც, მართლაც, განგრძობითია. 2008 წელი ამ ოკუპაციის ერთი ნაწილი იყო, ის გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა 2008 წელმა დაამძიმა ვითარება როგორც შიდა ქართლში, ისე აფხაზეთში, მოხდა 100-ზე მეტი სოფლის ოკუპაცია და ოკუპანტის მიერ სრულიად უკანონოდ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, თუმცა კარგად გვესმის, რომ როცა საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულს, ერთ დღეში დამნაშავეების დასჯა ადვილი არ არის, თუმცა ისინი აუცილებლად დაისჯებიან. მთავარი დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენის დადგენილება, გამოტანილი აქვს ძებნის დადგენილება, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინს, და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობით, ყველა აგებს პასუხს, პირველი პირიდან დაწყებული, რიგითი კრიმინალებით დამთავრებული, რომლებიც ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველა ფაქტს იყენებს საკუთარი ინტერესებისა და ქვეყანაში ვითარების დაძაბულობის შექმნისთვის.
„მეორე მხრივ, ჩვენი ოპოზიცია ყველა ფაქტს იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის და ყველა ფაქტს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანაში დაძაბოს ვითარება და ისე წარმოაჩენენ, რომ ის, რა დანაშაულიც ხდება, ახალი ამბავია. ყველამ ვიცით თამაზ გინტურის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის სახელები, მაგრამ არავის ახსოვს იმ ადამიანების სახელები, ვინც, სწორედაც, იქნენ მოკლული საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2008-2009-2011 წლებში; მაგალითად, ვინმემ იცის, ვინ არიან ნიკა ჯოჯუა, გოგიტა ანჯაფარიძე, მათი ოჯახის წევრების გარდა? თითქოს მაშინ სიცოცხლე არ ფასობდა და ახლა ადამიანის სიცოცხლეს სხვა ფასი აქვს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია იყენებს საკუთარი ინტერესების წინ წამოსაწევად და ქვეყნის საზიანოდ, თუმცა ისინი, ცხადია, ვერაფერს მიაღწევენ“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საუბრისას შეუძლებელია, არ გავიხსენოთ, რა უძღოდა წინ 2008 წლის ომს და ტერიტორიების ოკუპაციას.
„კარგად გვახსოვს რა კამპანია, მართლაც სამარცხვინო კამპანია – „კოკოითი ფანდარასტ“; საქართველოს ხელისუფლებამ როგორ დე ფაქტო აღადგინა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორიული მთლიანობა ქაღალდზე, იგივე ახალგორის რაიონი, რომელიც იყო მცხეთა-მთიანეთის შემადგენლობაში, გამოყვეს მცხეთა-მთიანეთიდან და შეუერთეს ცხინვალის რეგიონს და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარეს არჩევნები, რითიც დე ფაქტო აღადგინეს ის ტერიტორიული ერთეული, რომელიც გაუქმებული ჰქონდა თავის დროზე ზვიად გამსახურდიას და მის პარლამენტს. ამის შემდეგ, გვახსოვს, როგორ მიატოვეს მოსახლეობა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში, როგორ მიატოვეს ახალგორში მოსახლეობა, კოდორის ხეობის მოსახლეობა მიატოვეს ისე, რომ არც კი გააფრთხილეს, ჯარი გამოიყვანეს და მოსახლეობა იძულებული გახდა, ბოლო წუთს, როცა რუსის ტანკები შემოდიოდა სოფლებში, მაშინ დაეწყოთ ზრუნვა, როგორ გამოეღწიათ და ამას მოჰყვა ასეულობით ადამიანის მსხვერპლი და 30 000 ახალი დევნილი დაემატა საქართველოს. ეს არის დანაშაულები, რომელთა დავიწყება არ შეიძლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.