სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ანალოგიური საქართველოშიც არსებობდეს 
სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საჭიროა, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის ანალოგიური საქართველოშიც არსებობდეს 

სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად საფრანგეთის მიერ მიღებული კანონის მსგავსი საჭიროა საქართველოშიც, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარს კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ „გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტზე“, რომელიც უცხოელი ხელმძღვანელობის ინტერესებით მოქმედთა რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს.

სუბარის თქმით, მსგავსი კანონები მოქმედებს ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში და ავსტრალიაშიც.

„საფრანგეთის მიერ მიღებული კანონი გაცილებით მკაცრი და ფართო კანონია, ვიდრე ის, რის მიღებასაც ჩვენ ვაპირებდით. ამბობენ, რომ ეს დემოკრატიის დასაცავად კეთდება. ეს ასე იყო ერთი წლის წინ, როცა ქართველმა „ენჯეოებმა“, რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოურმა პარტნიორებმა ცვლილებები „რუსულ კანონად“ გამოაცხადეს, მათ შორის ამერიკული კანონიც „რუსულ კანონად“ გამოაცხადეს და აქციები ისე დაიწყეს, რომ კანონი ხალხის უმრავლესობას წაკითხულიც არ ჰქონდა. ხალხმა დაიჯერა, რომ მართლაც საოცრება ხდებოდა, მაგრამ დღეს ყველამ დაინახა, რომ ამერიკული „ფარა“ რომ არ ყოფილიყო, არ გვეცოდინებოდა, რამდენი იხარჯება სააკაშვილის ოჯახისა და ლობისტების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ. ასევე არ გვეცოდინებოდა ის ჩარევები, რასაც რეზოლუციების მიღების თვალსაზრისით აკეთებენ. მსგავსი კანონები მოქმედებს ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც. ვფიქრობ, მსგავსი კანონი საჭიროა საქართველოშიც ზუსტად იმავე მიზნისთვის, რისთვისაც საფრანგეთშია – ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.