სოზარ სუბარი - სააკაშვილი არ თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოსთან, როცა იძიებ, მაგალითად, რუსი გენერლის დანაშაულს, იქვე შეიძლება გამოიკვეთოს მეორე მხარის დანაშაული, სწორედ ამ საფრთხეს გრძნობდა
სოზარ სუბარი - სააკაშვილი არ თანამშრომლობდა ჰააგის სასამართლოსთან, როცა იძიებ, მაგალითად, რუსი გენერლის დანაშაულს, იქვე შეიძლება გამოიკვეთოს მეორე მხარის დანაშაული, სწორედ ამ საფრთხეს გრძნობდა

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ვიხსენებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს მიერ მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე საუბრობდა, არამედ პირდაპირ ამბობდა, რომ ეს იყო გარიგება რუსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთისთვის ტერიტორიების გეგმური გადაცემა მოხდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად მართალია სალომე ზურაბიშვილის ნათქვამი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენა როცა დაიწყო, მიხეილ სააკაშვილმა განგაში ატეხა, რადგან იგრძნო საფრთხე, რომ გამოძიება შეიძლებოდა, მასაც შეხებოდა.

„ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ აცხადებდა, რამდენიმე კვირა, მაქსიმუმ, რამდენიმე თვე დარჩა, ვიდრე ჩვენ დავიბრუნებთ სოხუმს და ცხინვალსო. ის რომ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას არ აპირებდა, მაშინაც ყველასთვის გასაგები იყო. ამას მოჰყვა აგვისტოს ომი, თუმცა მანამდე იყო ყოველდღიური რიტორიკა ომის თემაზე და იარაღის ჟღარუნი ყველა საინფორმაციო სივრციდან. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში ჩვენ თავს ვიკავებდით ამ ყველაფერზე საუბრისგან, რადგან საერთაშორისო სასამართლოებში მოსაგები გვქონდა პროცესები რუსეთის წინააღმდეგ.

ორი სიტყვა ამ სასამართლოების შესახებ – სულ გაიმართა სამი სხვადასხვა სასამართლო: პირველი არის გაერო-ს ეგიდით მოქმედი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ტერიტორიულად ჰააგაში ფუნქციონირებს; მეორე გახლავთ ისევ გაერო-ს ეგიდით მოქმედი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ისევ ჰააგაშია განთავსებული; მესამე კი, სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა, რომელიც ევროსაბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს.

რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პროცესები წარიმართა სამივე სასამართლოში. აქედან პირველი – ჰააგაში მდებარე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქართველომ წააგო საჩივრის შეტანიდან რამდენიმე თვეში, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია ამ სარჩელის განსამტკიცებლად და ჩვენი საჩივარი უბრალოდ თავზე გადაგვახიეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.  რატომ არ წარადგინეს მტკიცებულებები, ეს უნდა ვკითხოთ კრიმინალ, ძებნილ ზურაბ ადეიშვილს, რომელიც იყო ვალდებული, მტკიცებულებები შეეკრიბა და გაეგზავნა ჰააგაში და მის მაშინდელ მოადგილეს, ქალბატონ თინათინ ბურჯალიანს, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ამ სასამართლოში;

მეორე – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილი იყო ბევრი საჩივარი. პირველი იყო საქართველოს საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და მეორე – ამისი საწინააღმდეგო – ათასზე მეტი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს. სააკაშვილის ხელისუფლებამ არც სტრასბურგის სასამართლოში წარადგინა რაიმე მტკიცებულება საჩივრის განსამტკიცებლად. მეტიც, ზოგიერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მტკიცებულება საერთოდ გატანილი იყო ქვეყნიდან და მათი კვალიც კი გამქრალი იყო. მაგალითად, ასეთი იყო ისკანდერის რაკეტის უზარმაზარი კაფსულა, რომელიც კასეტური ბომბებისთვის იყო განკუთვნილი. ამ რაკეტის გამოყენება, განსაკუთრებით მშვიდობიანო მოსახლეობის წინააღმდეგ, წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას და მისი სასამართლოში წარდგენა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პროცესის მოსაგებად.

საბედნიეროდ, სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვა გაიწელა, ამასობაში ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და დავიწყეთ საჭირო მტკიცებულებების შეგროვება და წარდგენა. მათ შორის იყო ხსენებული „ისკანდერიც“, რომელსაც აშშ-ში მივაგენით და პირდაპირ იქიდან ჩავიტანეთ სტრასბურგში. უზარმაზარი სამუშაო გასწია იუსტიციის სამინისტრომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, ასევე შს სამინისტრომ, სუს-მა და ყველა რელევანტურმა უწყებამ. საბოლოოდ, ასეთი კოორდინირებული მუშაობის შედეგად პროცესი მოვიგეთ, რის შემდეგაც საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ბედი თითქმის ავტომატურად იყო გადაწყვეტილი და ეს საქმეები ერთმანეთის მიყოლებით დამთავრდა საქართველოს გამარჯვებით;

მესამე და ყველაზე საინტერესო იყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც სარჩელი შეიტანა არა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არამედ ეს გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მაშინ მე ვიყავი სახალხო დამცველი და მტკიცებულებებით ვამარაგებდი ამ ორგანიზაციებს. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დაგვიკავშირდნენ ჰააგის სასამართლოდან (ჩვენს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ პროკურორ ფატუ ბენსუდას სახელი) და მოიკითხეს მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მტკიცებულებებს დროულად არ წარვადგენდით, საქმეს წავაგებდით, ზუსტად ისე, როგორც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო წავაგეთ.

აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება არ თანამშრომლობდა სსს სასამართლოსთან, რასაც თავისი ახსნა აქვს: სისხლის სამართლის გამოძიება არის ორლესული მახვილი – როცა ერთი მხარის, მაგალითად, რომელიმე რუსი გენერლის დანაშაულს იძიებ, იქვე შეიძლება გამოიკვეთოს მეორე მხარის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის დანაშაული და სწორედ ამ საფრთხეს გრძნობდა სააკაშვილი. სწორედ ამ შიშის გამო იყო, რომ როცა ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა სსს სასამართლოსთან და საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ომისა და ეთნოწმენდის დანაშაულის დამამტკიცებელი მასალების წარდგენა, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განგაში ატეხეს, თითქოს ჩვენ ქართველი ჯარისკაცების და ოფიცრების გასამართლებას ვაპირებდით. აღსანიშნავია, რომ როდესაც რუსეთმა ნახა, ჩვენ მიერ წარდგენილი მასალებით ჰააგაში საქმეს წააგებდა, მან მოახდინა რომის სტატუტის დენონსაცია (რომის სტატუტი ის ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც ჰააგის სსს სასამართლო ფუნქციონირებს), თუმცა რუსეთის ამ ქმედებამ გამოძიება ვერ შეაჩერა და ჩვენ ეს სასამართლო მოვიგეთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძებნა გამოცხადდა რამდენიმე ომის დამნაშავეზე, არამედ უკვე მეორე საერთაშორისო სასამართლომ დაამტკიცა, რომ რუსეთი იყო დამნაშავე, საქართველო კი – მსხვერპლი. სწორედ იმის გამო, რომ სასამართლოები მიმდინარეობდა და ჩვენ ეს პროცესები უნდა მოგვეგო, ჩვენ არ ვახსენებდით სააკაშვილის აღიარებით ჩვენებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არ ვიხსენებდით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მტკიცებას, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ეს ომი იყო გარიგება რუსეთისა და საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებებს შორის და ომის შედეგად მოხდა რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიების „გეგმური გადაცემა“. რამდენად მართალია სალომე ზურაბიშვილის ეს ნათქვამი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ ამ ომის ყველა დეტალს ნათელი არ მოეფინება და ყველა დამნაშავე არ აგებს პასუხს, ძალიან ძნელი იქნება შერიგების პროცესის წარმართვა ოსებსა და აფხაზებთან, უაღრესად გაძნელდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“,  – განაცხადა სოზარ სუბარმა.