სოზარ სუბარი - რუსეთი აუცილებლად გახდება იძულებული, გადახედოს თავის პოლიტიკას
რუსეთი აუცილებლად გახდება იძულებული, გადახედოს თავის პოლიტიკას და თუ ამას არ იზამს, მაშინ საერთაშორისო საზოგადოება აიძულებს და საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აუცილებლად აღიდგენს, – ამის შესახებ ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა გრიგორი კარასინის ინტერვიუზე კომენტარისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რუსეთი ნამდვილად არ აპირებდა საბჭოთა კავშირის დაშლას თავის დროზე, არ აპირებდა რომ პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი გაეთავისუფლებინა თავისი მარწუხებისგან. დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი დარჩა მარტო და მათ მოუწევთ გადაწყვეტილებების გადახედვა. ჩვენი იარაღი ამ შემთხვევაში არის არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი იარაღი არის სამშვიდობო პოლიტიკის გაგრძელება, ადამიანის უფლებების განმტკიცება და ჩვენი ქვეყნის გაძლიერება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაცია და რუსეთი აუცილებლად გახდება იძულებული ერთ მშვენიერ დღეს, გადახედოს თავის პოლიტიკას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან ვრცელი ინტერვიუ, სახელწოდებით „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა გვსურს, მაგრამ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე“, გამოცემა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა.
ამავე ინტერვიუში კარასინმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა გლეხი, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან ერთსა და იმავე ტექსტს აკითხებს.
მისი თქმით, ქართული მხარე სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში კონსტრუქციული მონაწილეობის ნაცვლად, ფოკუსირებულია პროპაგანდისტული შოუების მოწყობაზე.
ინტერვიუში კარასინის გაკეთებულ განცხადებებს, შემაშფოთებელი უწოდეს საქართველოს საგარეო უწყებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას თქმით, კარასინის შეფასებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის პოლიტიკას, უგულებელყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და თავი აარიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას.