სოზარ სუბარი - როდესაც ცდილობ, დამოუკიდებლობის დღე ჩაშალო, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამ წყალს
სოზარ სუბარი - როდესაც ცდილობ, დამოუკიდებლობის დღე ჩაშალო, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამ წყალს

თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების განცხადებები ძალიან არასასიამოვნოა, რადგან ისინი პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ჩაშლას ცდილობენ.

„ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მათ უნდა ჰქონდეთ გრანდიოზული აქცია. რომ ვერ გააკეთებენ აქციას, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ პრაქტიკულად ისინი ცდილობენ, ჩაშალონ საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმი. ძალიან არ მინდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მათ იმ ადამიანების თამაში ითამაშონ, რომლებისთვისაც ეს დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ. რაც შეეხება მზადყოფნას დიალოგისთვის, არაერთხელ გამოგვიცხადებია ამის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემაც გაკეთა დღეს განცხადება, თუმცა ძალიან უცნაური პასუხები მივიღეთ და მესამე, როცა გვქონდა დახურული შეხვედრა, მაშინაც ვუთხარი ქუთაისში, კარგი დაფიქრება სჭირდება, როდესაც ასეთ აქციებს იწყებ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯები არ გადადგა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება თბილისის პარალიზების შესახებ განცხადებებს, სოზარ სუბარის თქმით, ვერავინ მოახდენს თბილისის პარალიზებას.

„არავის მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია, თუ კანონის დარღვევას ეცდებიან, კანონი ამოქმედდება. როდესაც ცდილობ, დამოუკიდებლობის დღე ჩაშალო, ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამ წყალს. არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ხდება ნებსით. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა. ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს, მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს. ჩემი მყარი რწმენაა, რომ კარვის გაშლა მანქანების ან მოქალაქეების სავალ ნაწილზე არანაირად არ ჯდება შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში. გზის გადაკეტვის შემთხვევაში, შეიძლება მოვითმინოთ ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ მთლიანობაში ეს არის დაუშვებელი. ამით ისინი დისკომფორტს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ქალაქის სტუმრებს და როცა ასე ძალიან მტრულ განცხადებებს აკეთებენ, რომ ისინი მოახდენენ დედაქალაქის პარალიზებას, მინდა, მეგობრულად ვურჩიო, არც ეცადონ, ვინაიდან არავის მივცემთ ამის უფლებას. თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები და უსასტიკესად სცემეს თითოეული მათგანი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ გაქცევის საშუალება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.