სოზარ სუბარი - რამდენიმე ასეული მოხალისეა მობილიზებული, ასევე ძალიან გვეხმარება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება, რისთვისაც მადლობას ვუხდი
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით უკვე მოხალისეების 40-ზე მეტი ჯგუფია შექმნილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, მთლიანობაში რამდენიმე ასეული მოხალისეა მობილიზებული.
„შექმნილია მოხალისეების ჯგუფები, 40-ზე მეტი ჯგუფია, რომელშიც თითო ექიმია, რამდენიმე ათეული ჯგუფია, რომლებიც ველზე არიან გასული და სხვადასხვა საქმეს ასრულებენ. მთლიანობაში რამდენიმე ასეული მოხალისეა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული არიან. მათ შორის, ძალიან გვეხმარება წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება, რისთვისაც მადლობას ვუხდი. პირველივე დღეს 50-ზე მეტი მოხალისე ჰყავდა მობილიზებული, ამ ადამიანების რაოდენობა უკვე გაოთხმაგდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მან განმარტა, რომ მოხალისეები სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ, მათ შორის ოჯახში სურსათის მიტანას, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვის ოჯახებისთვის, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.
„ყველა სამუშაოს შეასრულებენ. თუ საჭირო იქნება, ქუჩებში ორგანიზებულ მოძრაობაზე თვალყურის დევნა, ამასაც გააკეთებენ, ჯერ ამის საჭიროება არ არის, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები საკმარისი არიან, რომ ამ თვალსაზრისით ვითარება აკონტროლონ“, – განაცხადა სუბარმა.