სოზარ სუბარი - ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, ეკონომიკური განვითარება და ევროპული პერსპექტივა არის მთავარი, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა და რისთვისაც თავის დროზე პოლიტიკაში მოვიდა
ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ევროპული პერსპექტივა, აი, ეს არის ის მთავარი, რაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა თქვა და რისთვისაც თავის დროზე პოლიტიკაში მოვიდა, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არ არის თემები, რისთვისაც შეიძლება, ღვაწლი ერთხელ გასწიო და ამით დაამთავრო. ამას მუდმივი შრომა და ზრუნვა სჭირდება, რასაც გუნდი აგრძელებდა, მაგრამ დღეს დადგა დრო, როცა ბიძინა ივანიშვილის უფრო აქტიური ჩართვა გახდა საჭირო და ძალიან მიხარია, რომ მის გვერდით მუშაობა უფრო მჭიდრო ფორმატში გახდა შესაძლებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ დღევანდელ საქართველოში ერთი მხრივ, თითქმის ევროპული ხარისხის დემოკრატია გვაქვს, რასაც მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების დონე ბევრად ჩამორჩება, რაც მნიშვნელოვანწილად ქმნის პოლიტიკურ პრობლემებს, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ეს მოცემულობა მართლაც არსებობს.
„საქართველო პატარა ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანაა და ეკონომიკა რამდენადაც პატარაა, იმდენად მეტადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. ჩვენ ძალიან მღელვარე რეგიონში ვართ და შესაბამისად, ერთგვარ ამოხტომას ვერ გააკეთებ. როცა ირგვლივ 2-3%-იანი ზრდა არსებობს და ჩვენ სამეზობლოში არის ქვეყნები, სადაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ეკონომიკები იკლებს, ძალიან კარგია, რომ ჩვენ 3-4 და შარშანდელი მონაცემებით უკვე 5%-იან ზრდას ვინარჩუნებთ, წელს კი, უფრო მეტსაც შეიძლება ველოდოთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, როცა ადამიანს ეკონომიკურად უჭირს, ძალიან ძნელია აუხსნა, ვითარებას შეეგუოს.
„წინა ხელისუფლების დროს ყველა ტელევიზიაში სიუჟეტები ერთი და იგივე ნოტით, ნიუსით და სიტყვებით იგეგმებოდა, თუ როგორ მიდის ქვეყნის აღმავლობა, როგორ ყვავის სიღნაღი, მერე სხვა ქალაქი და ა.შ. ამ დროს ალბათ, ადამიანს უჩნდებოდა განცდა, ხვალ ეს კეთილდღეობა ჩემამდეც მოაღწევს და ჩემი ჯერიც დადგებაო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ განცხადებით სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ამას საზოგადოება ვერ იგებს, რადგან დესტრუქციული ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ადამიანებს მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან“.