სოზარ სუბარი - „ქართული ოცნება" 30-ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამის პირობას გაძლევთ
ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. რვა წელი რასაც ვაშენებდით, დემოკრატიული ინსტიტუტები, თუ ქვეყნის კეთილდღეობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა, შემდეგ ოთხ წელში ეს ყველაფერი უნდა განმტკიცდეს, – ამის შესახებ სამგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა, საარჩევნო კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებაში პროფესიონალების გუნდი ჰყავდეს.
„თუნდაც, ბოლო ექვსმა თვემ, „კოვიდთან” ბრძოლამ გვაჩვენა, რა სერიოზული გამოწვევები შეიძლება დადგეს და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს ერთად შეკრული, პროფესიონალების გუნდი იდგეს ქვეყნის სათავეში, როგორც პარლამენტში ისე მთავრობაში. გუნდი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებში, როცა საქართველოს თითოეული მოქალაქე, მთავრობის თითოეული წევრი და დეპუტატები ერთად ვიბრძოდით, რომ ქვეყანა ამ საფრთხისგან გადაგვერჩინა. დასახელებული კადრები არიან გამოცდილები და მათ შეუძლიათ, საკუთარი წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში. ერთ-ერთი დიდი საარჩევნო ოლქია სამგორის რაიონი, ვიცნობ, თითოეულ ქუჩასა და უბანს. რაც შეეხება კონკურენტებს, „ქართული ოცნება” 30 -ვე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ამის პირობას გაძლევთ,” – განაცხადა სუბარმა.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში წარადგინა.
თბილისის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან:
საბურთალოს საარჩევნო ოლქი – დავით სერგეენკო
ვაკის საარჩევნო ოლქი – ნოდარ ტურძელაძე
გლდანის საარჩევნო ოლქი – ლევან კობიაშვილი
სამგორის საარჩევნო ოლქი – სოზარ სუბარი
ისნის საარჩევნო ოლქი – კახი კახიშვილი
მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ბექა ოდიშარია
ნაძალადევის საარჩევნო ოლქი – მიხეილ ყაველაშვილი
დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი – გია ვოლსკი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.