სოზარ სუბარი - პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ შვილების, მშობლების საფლავებზე მისვლა
ამოვდივართ ერთი მიზნიდან – პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მინისტრის თქმით, 2013 წლიდან დღემდე აფხაზეთში დაღუპული 148 ადამიანია იდენტიფიცირებული.
„2013 წლიდან მთლიანობაში 148 ადამიანია იდენტიფიცირებული, 109 ქართული მხარის მებრძოლი, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი. 177 ადამიანი ექსჰუმირებულია და მათი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 2400-ზე მეტი ადამიანია დაკარგული მთლიანობაში ორივე მხრიდან“, – განაცხადა დევნილთა მინისტრმა.
სოზარ სუბარის თქმით, პროცესი ომის დასრულებიდან მალევე ავთო იოსელიანის ხელმძღვანელობით გააქტიურდა. მისივე ინფორმაციით, მაშინ 150-მდე ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა, თუმცა შემდეგ პროცესი დროებით შეჩერდა, ხოლო ბოლო წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საშუალებით კვლავ განახლდა.
„მთლიანობაში ეს პროცესი იქნებოდა შეუძლებელი, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის ძალიან კონსტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული კიდევ 22 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული. მათ ექსპერტიზა უტარდებათ.
დღესვე 22 ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ინფორმაცია 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას გაუჩინარებული 22 ადამიანის ნეშტის იდენტიფიცირების შესახებ 23 აპრილს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა გაავრცელა.