სოზარ სუბარი - პირები, ვინც არ არიან მარნეულის მცხოვრებლები, მაგრამ გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ მარნეულში, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან ადგილზე
ის პირები, ვინც არ არიან მარნეულის რაიონის მცხოვრებლები, მაგრამ გამკაცრებული ზომების გამო დარჩნენ მარნეულში, ორი კვირის განმავლობაში იქნებიან მარნეულში, – ამის შესახებ განაცხდა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის სრულად უზრუნველყოფა დაევალა.
სოზარ სუბარის თქმით, ყველა მოქალაქე, ვინც ამ დროისთვის მუნიცილიტეტშია, დარჩება ადგილზე.
„ყველა მათგანი დარჩება ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში. მათი გადაყვანა არსად არ მოხდება. ამისთვის არის დაკონტრაქტებული რამდენიმე სასტუმრო, საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სასტუმრო დაკონტრაქტდება და ისინი დარჩებიან აქ ორი კვირის განმავლობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
რაც შეეხება სატრანზიტო მოძრაობას, სოზარ სუბარის თქმით, ტვირთების გადაადგილება უპრობლემოდ ხორციელდება.
„სატრანზიტო მოძრაობა ტვირთებდან დაკავშირებით არის უპრობლემო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს გავლით გავლით აპირებენ სხვა ქვეყანაში მოხვედრას, გააცილებს საპატრულო პოლიცია, ანუ მათ არ აქვთ უფლება, დატოვონ მანქანა ერთი წუთითაც კი.
კრიტიკული საჭიროების მქონე ადამიანები, ექიმები ან პაციენტები, რომელთაც ოპერაცია აქვთ ჩასატარებელი ან ქიმია გასაკეთებელი, სრული წესების დაცვით მიდიან და ბრუნდებიან უკან ისე, რომ მათ სხვაგან არ უწევთ კონტაქტი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, გაჩერებულია კომპანია „არემჯის“ მუშაობა.
„მაგრამ იმისთვის, რომ არ მოხდეს ეკოლოგიური კატასტროფა, ამისთვის საჭიროა სპეციალისტის შეყვანა, ამიტომ ბუნებრივია, მისი შეყვანა ხდება, ასევე მარნეულში შევლენ ის საჯარო მოსამსახურეები, რომელთა შესვლაც აუცილებელია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.