სოზარ სუბარი - პარტიაში ახალი სახეების მოზიდვის პროცესში ჩართული ვარ რეგიონულ დონეზე
ჩართული ვარ პროცესში, რასაც ჰქვია, ახალი სახეების მოზიდვა რეგიონებში, რეგიონულ დონეზე, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ,,ქართულ ოცნებაში” განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ პარტიაში სერიოზული ცვლილებები არ იგეგმება და თანამდებობის შესაბამისად, პროცესში ჩართულია მხოლოდ რეგიონულ დონეზე.
„პარტიაში არანაირი სერიოზული ცვლილებები არ მიმდინარეობს და არც მე მაბარია. უბრალოდ, ჩართული ვარ პროცესში, რასაც ჰქვია, ზოგადად ახალი სახეების მოზიდვა რეგიონებში, რეგიონულ დონეზე.
პრაქტიკულად, ყველა რაიონში ძირითადი სამუშაო მაინც გადასულია პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებზე, რომლებიც გარკვეულ კადრებს წარმოგვიდგენენ, რათა შემდეგ აქ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გავიაროთ მათი საკითხი. ამის შემდეგ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, განხილული იყოს გარკვეულ პარტიულ პოზიციაზე ან თუნდაც სამომავლოდ, თვითმმართველობის არჩევნებში. ეს არის რამდენიმეთვიანი პროცესი. ჩემს კომპიუტერში არის ათასზე მეტი გვარი და სახელი და არ ვაპირებ მათ ჩამოთვლას.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, ამ შემთხვევაში არის ერთადერთი კრიტერიუმი – წესიერი ადამიანები, რომლებიც სამშობლოს პატრიოტები არიან და სურთ, სამშობლოს ემსახურონ. ბევრი მათგანი ჩვენთან არის პარტიულ ორგანიზაციაში, ზოგი ახალგაზრდულში, ზოგიერთი კი, არის ბიზნესმენი ან ადვოკატი , “- განაცხადა სოზარ სუბარმა.