სოზარ სუბარი - პარლამენტის რეზოლუცია მნიშვნელოვანი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ის პრიორიტეტებია ასახული, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანი გზავნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომლის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ყოველწლიურად იზრდება.
„რეზოლუციაში ასახული პოზიცია, პირველ რიგში, არის ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ღირსეული დაბრუნების შანსი ჰქონდეთ. ცხადია, ძალიან კარგად გვესმის, რომ ერთი რეზოლუციით ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, მაგრამ პარლამენტმა მრავალდღიანი პრინციპული მუშაობის შემდეგ მიიღო დაბალანსებული რეზოლუცია, რომელშიც ასახულია ძალიან სწორი მესიჯები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ რეზოლუციას დაუჭირა მხარი ოპოზიციის ნაწილმა. მთავარი საკითხები, რომელიც ხაზგასმულია პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, არის დეოკუპაცია, დევნილების უსაფრთხო დაბრუნება და ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვფიქრობ, ეს რეზოლუცია იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ჩათვლით, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რომლის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკისა და ქვეყნის დეოკუპაციის მიმართ ყოველწლიურად უფრო იზრდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.