სოზარ სუბარი - ოპოზიციისთვის გასული ოთხი წელი და ექვსი თვეც უქმე დღეები იყო, პარლამენტში ორჯერ შემოვლენ და მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება
ოპოზიციისთვის გასული ოთხი წელი და გასული ექვსი თვეც იყო სულ უქმე დღეები. დარწმუნებული იყავით, რომ პარლამენტში ორჯერ შემოვლენ და შემდეგ მათთვის ისევ უქმე დღეები დაიწყება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„არ დადიან, არ მუშაობენ და განცხადებების მეტი არაფერი არ უნდათ. დერეფანს ვერ გასცდნენ ძირითადად. მათ ჭკუაზე რომ გაგვევლო, მანდატებიც არ ექნებოდათ დღეს, საერთოდ ვერ შემოვიდოდნენ პარლამენტში. შემოვიდნენ და მადლობასაც არ იხდიან, რომ ასეთი ბედნიერები არიან ამ ამბით“, – განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ოპოზიციონერების განცხადებას, რომ უქმე დღეებით მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტის განხილვას აჭიანურებს, სუბარმა განაცხადა, რომ ყველაფერი განსაზღვრულ ვადაში მოხდება.
„ბიურო, რომ დღეს ჩაინიშნოს, ამნისტიის კანონპროექტის სესიაზე განხილვა მაინც ვერ მოხდება, რადგან პარლამენტის სხდომები გადავდეთ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოვუწოდებთ მთელს ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი, ამიტომ სესიაზე განხილვა დაიწყება მაშინ, როცა პარლამენტი დაიწყებს მუშაობას. ბიუროზე განხილვიდან სესიაზე განხილვამდე 15 წუთი იქნება დარჩენილი თუ ორი კვირა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სესიაზე მაინც იმ დროს გავა და კანონი მაინც იმ ვადაში იქნება მიღებული. ამ კონკრეტულ შემთხევაში ბიურო როდის ჩაინიშნება, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მართლა არაფრის გამო ატეხილი ხმაური. სალაპარაკო რომ აღარაფერი დარჩა ზოგიერთ ოპოზიციონერს, ამიტომ ცდილობენ რაღაც თემა გამოძებნონ. ყველაფერი თავის ვადაში მოხდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.