სოზარ სუბარი - ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწყდებათ, რომ კანონი უზენაესია, მას ყველა უნდა დაემორჩილოს
ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავიწყდებათ, რომ კანონი უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალადობა და კანონის უგულებელყოფა გამორიცხულია.
„ხელისუფლების მიმართ მოწოდებები, რომ არ აღესრულებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება, არის დაუშვებელი. გუშინწინ აღვნიშნეთ საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავი, სადაც 78-ე მუხლი ამბობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ხოლო 79-ე მუხლში პირდაპირ წერია – არც აღმასრულებელ, არც საკანონმდებლო და არც ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ უფლება, შეცვალონ სასამართლოს გადაწყვეტილება ან არ შეასრულონ. ეს მოხდა დღეს საქართველოში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვდგავართ სამართლებრივი სახელმწიფოს გზაზე. ის, რაც არის შიდა ტერორიზმი მეგობარ სახელმწიფოებში, შიდა ტერორიზმია საქართველოშიც, სხვანაირად ვერ ვუწოდებთ საქართველოს პარლამენტზე შტურმს და ამ შტურმის ხელმძღვანელობას, რაც ჩაიდინა ნიკა მელიამ მისი ბრალდების თანახმად“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.