სოზარ სუბარი - ოპოზიციას აშფოთებს ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს
იმ წამიდან, როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, ოპოზიციას სხვა სალაპარაკო თემა აღარ აქვს, აღარც პროგრამები ახსოვთ, აღარც გეგმები და აღარც ყრილობები, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„ოპოზიციას აშფოთებს ის, რომ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების მაღალი ნდობა აქვს. ეს ნდობა არის კრედიტი, რომელიც მას შეუძლია, ძალიან სასარგებლოდ დახარჯოს. ბიძინა ივანიშვილს ასევე მაღალი ნდობა აქვს გუნდის შიგნითაც, რითაც ის გუნდის შიგნით გაჩენილ დაპირისპირებას მოაგვარებს. ამ ადამიანს აქვს უნარი, გამაერთიანებლის როლი იკისროს და განსხვავებული ხედვების მქონე ადამიანები საერთო მიზნისკენ მომართოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, რა არის ბიძინა ივანიშვილის ფუნქცია და რა უნდა გამოასწოროს მან.
ამასთან, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რომელ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, როცა განაცხადა, რომ ეს ძალები მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებებით ხელისუფლების ჩანაცვლებას არა დემოკრატიული გზით, არამედ არეულობით ცდილობენ და რეალურად, არის თუ არა ეს ძალები მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებით, „რუსთავი 2“-ით, სოზარ სუბარმა ბრიუსელში შეხვედრა გაიხსენა, სადაც, როგორც თავად აღნიშნა, ერთკაციანი პარტიები შეიკრიბნენ და ერთსა და იმავე გეგმებზე ლაპარაკობდნენ.
„სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ველი ეს არის, როცა რეალური პარტიები არ გვყავს, რაც ძალიან ცუდია. ქართული ტელევიზიების ეთერები ამ ერთკაციანი პარტიების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ, უნდა ველოდეთ თუ არა გარდატეხას კონფლიქტების მოგვარების საკითხში, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელი იქნება, თუ იმ სამ მიზანს ვერ მივაღწევთ, რაზეც ივანიშვილმა ისაუბრა, რომ აუცილებელია ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ევროპული პერსპექტივა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაც ეს არის, აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების გზაც და ქვეყნის შიდა ინტეგრაციის გზაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.