სოზარ სუბარი - ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება
ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება ისევე, როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საკარანტინო ზონაში გადადის ყველა მოქალაქე, ვინც სხვა ქვეყნიდან შემოდის.
„ქვეყანაში რამდენიმე ასეული ადამიანი ყოველდღე შემოდის. მათ შორის თვითმფრინავებით და ისინიც საკარანტინო ზონაში გადაგვყავს. თუ თავდაპირველად, საეჭვო ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები გადაგვყავდა, შემდეგ გადაწყვეტილება ყველა ადამიანზე მივიღეთ. ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინო ზონებად გამოცხადება არ იგეგმება ისევე, როგორც არ იგეგმება საქართველოს არც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ იქ საგანგაშო ვითარება არ გამოვლინდა. საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, რადგან უკვე იმ ეტაპზე მივედით და შესაბამისად, საკარანტინო ზონებიც გამკაცრდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.