სოზარ სუბარი - ნინო ლომჯარიას არც ერთი განცხადება არ ჯდება ეთიკაში, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სახალხო დამცველი ძალიან მაოცებს თავისი განცხადებებით. არც ერთი მისი განცხადება არ ჯდება არც იმ ეთიკაში, რომელიც სახალხო დამცველს უნდა და არც ზოგადად ადამიანური ეთიკაში, იმიტომ რომ ვერ მოიყვანს ამის ვერც ერთ მაგალითს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარმა სახალხო დამცველის იმ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხება.
„თუ ვინმე იტყვის რომ საქართველოს ისტორიაში ყოფილა შემთხვევა, როცა 100 ათასი ადამიანი, თუ არ ვიცი, რამდენი მოვა, შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს, ვიღაცამ ძალით მოიყვანა, არ ვიცი, მსგავსი რამ არ არსებობს. შეუძლებელია, რომ არსებობდეს და როდესაც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, კარგი იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, გამოჩნდეს რამდენიმე ადამიანი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების წევრები, რომლებიც იტყვიან ამას, თითქოს მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და მსგავსი რამე არ მომხდარა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა უკანასკნელ დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებს ეხებოდა.