სოზარ სუბარი - „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა, ხელშეკრულების ბევრი პუნქტი არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის
სოზარ სუბარი - „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა, ხელშეკრულების ბევრი პუნქტი არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის

დიალოგი ყოველთვის უნდა გვქონდეს იმდენგზის, იმდენჯერ უნდა განვიხილოთ, რამდენიც საჭიროა, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა.

„ვუპასუხებ კითხვას, რომელიც ბატონი ლერის მიმართ დაისვა, ხომ არ დაგვიანდა დიალოგიო. ზოგჯერ არის, როცა მართლა ფიქრობ, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. ამაზე იყო ერთი შეხვედრა, ორი, ხუთი და რაღა საჭიროა, ყველასთვის ხომ ისედაც ნათელია, მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა. მართალი მიდგომა არ არის, რადგან ყოველთვის ჩვენ დიალოგი უნდა გვქონდეს იმდენგზის, იმდენჯერ უნდა განვიხილოთ, რამდენიც ეს საჭიროა და მით უმეტეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლა მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო დიალოგის ნაკლებობა, იყო პრობლემა ის, რომ ამ ხელშეკრულების ბევრი პუნქტი არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, პირადად ჩემთვისაც. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დიალოგს ხელს უშლიდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ დადებულია კაბალური ხელშეკრულება.

„პირიქით, მგონია რომ ეს არის ქვეყნისთვის მომგებიანი ხელშეკრულება, თუმცა ეს არის ჩემი აზრი. შესაბამისად, იმიტომ არის დიალოგი, რომ ამ დეტალებში პუნქტ-პუნქტად გავერკვევით ყველაფერში. მე როგორც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მუშაობენ გარემოსდაცვით საკითხებზე და გაცილებით კომპეტენტურნი არიან, ვიდრე მე ან შეიძლება, რომელიმე თქვენგანი იყოს, ისინი დღეს იწყებენ ყველა იმ უკვე ჩატარებული კვლევის შესწავლას, რევიზიას და გადასინჯვას, რომელიც არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვეში მათგან გვექნება ძალიან კვალიფიციური პასუხები“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისა და გუბერნატორების, ასევე დეპუტატებისა და „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების შეხვედრა დღეს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

დიალოგში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.