სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული პარტიები ათი წელია, ცდილობენ, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ქუჩის აქციებისთვის, ხელისუფლების შესაცვლელად, მათი ადგილი არის ქუჩაში
„ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების ადგილი არის ქუჩაში, ხალხი კარგად ხედავს, რომ მათი ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომაც ყოველდღიურად იკლებს მათ მიმართ მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
როგორც საქართველოს პირველ არხს სუბარმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანს ვერც ამჯერად მიაღწევს.
„ათი წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფილირებული სხვადასხვა პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ქუჩის აქციებისთვის, ნებისმიერი მომენტი გამოიყენონ ხელისუფლების შესაცვლელად, მიზანს ვერ აღწევენ ვერასდროს. სულ ვამბობ, მათი ადგილი არის ქუჩაში, დარჩებიან ქუჩაში, მაგრამ ხალხი კარგად ხედავს, რომ მათი ყველა ნაბიჯი არის მიმართული ქვეყნის წინააღმდეგ, შესაბამისად ამიტომაც ყოველდღიურად იკლებს მათ მიმართ მხარდაჭერა. თვითონაც გრძნობენ ამას და ამიტომ არის, რომ უკვე შიგნით მოხდა დაპირისპირება. ერთი მხრივ, „სირცხვილია“ მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ლანძღავენ. ამჯერადაც არაფერი არ გამოუვათ“, – განაცხადა სუბარმა.