სოზარ სუბარი - მუხთარლის ბრალდებები უკვე გასცდა იმ საზღვარს, რომელშიც სჯობდა, დარჩენილიყო
ძალიან კარგად მესმის,რომ როცა ადამიანი ციხეშია, ბევრი რაღაც შეიძლება აწუხებდეს, მაგრამ ტყუილების მოგონება არ ეკადრება არავის და მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებებზე აქვს პრეტენზია, – ასე ეხმაურება ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.
სოზარ სუბარის შეფასებით, აფგან მუხთარლის განცხადებები არასერიოზულია.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა საზღვარზე, ამის გარშემო არის ბევრი კითხვა, რომელსაც გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. დღისით, მზისით რომ ქალაქის ცენტრში გადაცემა ხდება, შეუძლებელია, ამ ფაქტს არ ჰყავდეს რამდენიმე მოწმე მაინც, შესაბამისად, ეს რომ მართლა მომხდარიყო, გატაცება თბილისის ცენტრიდან, ფორმიანი ადამიანებისგან, ეს არის აბსურდი და შესაბამისად, მუხთარლის ბრალდებები უკვე გასცდა იმ საზღვარს, რომელშიც სჯობდა, რომ დარჩენილიყო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.