სოზარ სუბარი - მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, სადაც უფრო მეტი ჩართულობით და გახსნილობით მიმდინარეობდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, ვიდრე საქართველოში
მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, სადაც უფრო მეტი ჩართულობით და გახსნილობით მიმდინარეობდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, ვიდრე საქართველოში, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნის სულისკვეთებას არ ეთანხმება.
„გულწრფელად გეტყვით, ჯერჯერობით ეუთო/ოდირის დასკვნის მხოლოდ იმ ნაწილს გავეცანი, რაც სააგენტოებზე იდო, მაგრამ სულისკვეთებას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, სადაც უფრო მეტი ინკლუზიურობით, ჩართულობით და გახსნილობით მიმდინარეობდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, ვიდრე საქართველოში. თვისობრივად განსხვავდება განსაკუთრებით იმისგან, რაც ხდებოდა წინა წლებში. იმაზე თუ ვილაპარაკებთ, რამდენად არის გათვალისწინებული იგივე ეუთო/ოდირის თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. იმაზე თუ ვილაპარაკებთ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს რომელიმე კონკრეტული მოსამართლე, ეს ახლა სხვა თემაა. ამაზე ამ კონტექსტში ცხადია, ვერ ვილაპარაკებ. ინკლუზიურობისთვის კარგი იქნებოდა, რომ ის შესაძლებლობა, რასაც კანონი იძლევა, რომ მართლა ჩართული იყოს ყველა პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოყენებული ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში გაცილებით მეტი კითხვაც დაისმებოდა თუნდაც პარლამენტში და გაცილებით უკეთაც გამოჩნდებოდა საზოგადოების თვალში, თითოეული მოსამართლე პიროვნულდ იმსახურებს თუ არა იმ მაღალ პოსტს, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ოდირ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა.