სოზარ სუბარი - მივმართავ ყოფილ თანამებრძოლებს რეგიონებში, გახარიას წყალობით, თუ ბრალეულობით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხსნელის როლს ასრულებენ, ამ პარტიას ვერაფერი გაათეთრებს და დაანებონ თავი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარიას ქმედებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, როცა დღეს გახარია და მისი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შედიან ყველგან, სადაც ამის შანსი მიეცემათ.
„მინდა, გამოვეხმაურო დარბაზში გაკეთებულ განცხადებებს, თითქოს ჩვენ მოგვეჩვენა, რომ გახარიას და სააკაშვილის პარტიებმა პოლიტიკური ალიანსი გააფორმეს რუსთავში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და სხვა მუნიციპალიტეტებში. მოგვეჩვენა, თითქოს ამ ორმა პარტიამ გუშინ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ და ერთ-ერთ მოადგილედ გახარიას პარტიის წევრები აირჩიეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ისიც მოგვეჩვენა, თითქოს პოლიტიკური ქორწინების ამ ფაქტს გუშინვე რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გულმხურვალედ მიესალმა პატიმარი სააკაშვილი. მოგვეჩვენა, თითქოს გუშინვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ სამტრედიაში გააკეთეს განცხადება, რომ ქმნიან ერთობლივ ფრაქციას და თითქოს ეს ფაქტი არ არის პოლიტიკური ალიანსის მკაფიო ნიშანი.
ისიც მოგვჩვენებია, რომ 20 იანვარს სააკაშვილისა და გახარიას პარტიებს შორის გაფორმებული პოლიტიკური ალიანსის შემდეგ, ამ ალიანსს სააკაშვილი შემდეგი სიტყვებით მიესალმა. ვციტირებ: „ მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის კორნელი სალიას არჩევას. ამით წალენჯიხაში არსებული კრიზისი გადაილახა და მერის ხელახალი არჩევნები თავიდან იქნა აცილებული“. ანუ, ნაციონალური მერი გადაარჩინა ამით გახარიას პარტიამ. ამ ყველაფრის შემდეგ სალაპარაკო ბევრი არაფერი იქნებოდა, მაგრამ მაინც მინდა, წარსულში გაკეთებული სხვა ტიპის განცხადებები გავიხსენო და აი, რამდენიმე მაგალითი. 2019 წლის 6 სექტემბერს ამავე დარბაზში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე არის ტყუილი და სიცრუე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და დარჩება ქუჩაში. ემუქრებოდა – მე თქვენ დაგასრულებთ და თქვენ დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურ შეჭრას ჰქვია შტურმი. ამას ჰქვია როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე. მანვე, ამავე პარლამენტში 2020 წლის 20 ივნისს თქვა – „პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტის შენობაში შეჭრა არის სისხლის სამართლის დანაშაული“. და ამის შემდეგ ამ განცხადებების ავტორი 2021 წლის 21 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, რათა სწორედ პარლამენტზე შტურმსა და პოლიციელებზე თავდასხმის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკანორ მელია დაკავებისგან დაეხსნა და კანონის აღსრულებისთვის ხელი შეეშალა. კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ, 2021 ოქტომბრის არჩევნებში გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცოდა, რომ თბილისის არჩევნებში არა თუ მოგების შანსი არ ჰქონდა, არამედ ერთნიშნა ნიშნულს ვერ აცდებოდა, მაგრამ ერთადერთი მიზნით დადგა მერობის კანდიდატად, რომ ნიკანორ მელია როგორმე გადაეყვანა მეორე ტურში. ამიტომ, ძალიან ლოგიკურია, როცა დღეს გახარია და მისი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში შედის ყველგან, სადაც ამის შანსი მიეცემა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, რეგიონებში ყოფილი თანაგუნდელები, ნებსით, თუ უნებლიეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მხსნელის როლს ასრულებენ.
„კარგად ვიცი, რომ მგლის თავზე სახარების კითხვას აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა, მივმართო ჩვენს ყოფილ თანაგუნდელებს და თანამებრძოლებს რეგიონებში, რომლებიც თავის დროზე, მართლაც შეცდომაში იყვნენ შეყვანილი ამ პარტიის მიერ, მივმართო როგორც საკრებულოს წევრებს, ისე მის მხარდამჭერებს, რომ დღეს ისინი გახარიას წყალობით, თუ ბრალეულობით, ალბათ ეს უფრო სწორია, რადგან წყალობა არ შეშვენის ამ ქმედებას, ნებსით, თუ უნებლიეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მხსნელის როლს ასრულებენ. ვარწმუნებ მათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერც ვერაფერი გაათეთრებს და ვერც ვერაფერი გადაარჩენს, მისი რეანიმაცია შეუძლებელია და დროზე დაანებონ ამ ალიანსს თავი, ნუ მოიჭრიან საკუთრ ამომრჩევლებთან და ქართველ ხალხთან მისვლის გზას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.