სოზარ სუბარი - მიხეილ სააკაშვილი ქართული სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება
საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრებულია, დარჩა მისი გაგრძელება, როგორც სამართლებრივი სუბიექტის, რომელიც ქართული სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება – ამის შესახებ ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, რომელიც უკრაინაში განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში სერიოზული ბრალი აქვს წაყენებული. შესაბამისად, სასამართლო როგორ დასრულდება, არ იცის.
“მშვიდად უნდა დაველოდოთ იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც უკრაინაში დადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი დამნაშავე ადრე თუ გვიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება და პასუხს აგებს. მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე საუბარი არასოდეს არ ყოფილა, მსგავსი შეთანხმებები პოლიტიკოსებს შორის არ დგება. ეს არის სამართლებრივი საკითხი და როცა უკრაინა თავის სამართლებრივ სივრცეში თავისი ყოფილი მოქალაქის და ყოფილი გუბერნატორის საკითხს გადაწყვეტს, ამის შემდეგ საკითხი დადგება საქართველოს უნდა გადმოსცენ თუ არა, ან რა ვადებში უნდა გადმოსცენ. ეს ძალიან მარტივი სამართლებრივი საკითხია და არანაირი შეთანხმება არ არის. ნებისმიერი ხელისუფლების ინტერესებშია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს და სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს. თავად ბრალდებულებისთვის სჯობს, თავისი ბრალეულობა სამართლიან სასამართლოში ამტკიცონ, ვიდრე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირბინონ და ტელევიზიებით ამტკიცონ, რომ მათ მიმართ დევნა მიმდინარეობს. როცა სააკაშვილზე ვლაპარაკობთ, როგორც პოლიტიკოსზე, შემიძლია გითხრათ, რომ მას ქართველმა ხალხმა პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა არა მხოლოდ 2012 წელს, არამედ 2007 წელს, როცა იძულებული გახდა, თანამდებობა დაეტოვებინა. თუ გაინტერესებთ, ისტორიაში როგორ შევა, გეტყვით, რომ ისტორიაში ადამიანად შევა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დაკარგა და პუტინს ხელ-ფეხი გაუხსნა იმისთვის, რომ ამ ტერიტორიების არა მხოლოდ დე ფაქტო ოკუპაცია მოეხდინა, არამედ ისინი ეღიარებინა, როგორც “დამოუკიდებელ სუბიექტებად”. ამას პუტინის გარდა, ჯერ არავინ არ აღიარებს, მაგრამ პუტინმაც რომ აღიარა, მას ხელ-ფეხი სააკაშვილმა გაუხსნა”, – განაცხადა სუბარმა.