სოზარ სუბარი - მესტიაში კორონავირუსზე 430-მდე ნიმუშია აღებული, ამოცანაა, რომ დღეს ამოვწუროთ ლენჯერი, საიდანაც გავრცელება დაიწყო
მესტიაში ვითარების უკეთ გასაკონტროლებლად ლოკალური შტაბი შეიქმნა, რომელსაც მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სოზარ სუბარი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სტაბილური ვითარებაა.
„გვქონდა ახლა შტაბის შეხვედრა, მათ შორის ეპიდემიოლოგებთან. ვითარება ამ დროისთვის არის ასეთი – გუშინ ექვსი ბრიგადა მუშაობდა, რომელიც ტესტირებას აკეთებდა. დღეს მათი რიცხვი უკვე გაიზრდება თორმეტამდე. გუშინ, ძირითადად ეს ბრიგადები მუშაობდნენ ლენჯერსა და მესტიაში. ყველაზე მთავარი ცხელი წერტილი ამ ეტაპზე არის ლენჯერი, სადაც 320 ნიმუში აიღეს. ჯამში, დაახლოებით 430-მდე ნიმუშია აღებული. დღის პირველი საათისთვის ველოდებით ტესტების პასუხებს. ამოცანა გვაქვს, რომ დღეს ლენჯერ ამოვწუროთ, როგორც მთავარი წყარო, საიდანაც გავრცელება დაიწყო. ვფიქრობ, ამას მოვახერხებთ დღის განმავლობაში“, – განაცხადა სუბარმა.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.