სოზარ სუბარი - მდინარე ნენსკრა ისევ ადიდებულია, თუმცა საფრთხის 90 პროცენტი მოიხსნა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც ჭუბერში, სტიქიის ზონაში იმყოფება, აცხადებს, რომ ამ დროისთვის საფრთხის 90 პროცენტი უკვე მოხსნილია.
როგორც პირველ არხს სოზარ სუბარმა განუცხადა, ვერტმფრენით მთელი ხეობა დაათვალიერეს და საფრთხე ჩავლილია, თუმცა მდინარე ნენსკრა ისევ ადიდებულია.
„აქ ვარ გაზრდილი, მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული, ასეთი ადიდებული მდინარე ნენსკრა არ მინახავს. ხეებმა, დიდი რაოდენობით მასამ მდინარე ჩახერგა და დაგუბება გამოიწვია. ვერტმფრენიდან რასაც ვუყურებდით, გზის რამდენიმე მონაკვეთი წაღებულია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა რამდნიმე სახლი ფაქტობრივად კუნძულზეა, რადგან მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. თითქმის ყველა ხიდი წაღებულია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ექვსი ადამიანია მთაში ჩარჩენილი, რომელთაც საფრთხე არ ემუქრებათ.
„მოსახლეობა გამოყვანილია, საფრთხე არავის ემუქრება. ექვსი ადამიანია დარჩენილი მთაში, მათთან კონტაქტზე ვართ. მათი მშობლები ნერვიულობენ და საჭიროების შემთხვევაში ვერტმფრენსაც გავგზავნით. საფრთხე ჩავლილია, მსხვერპლი არ არის. გვქონდა ინფორმაცია, რომ მთა მოწყდა. ავიარეთ თითქმის 40 კილომეტრიანი ზოლი და ვნახეთ ყველა გვერდითი ხეობა, ღვარცოფის ადგილები, დავათვალიერეთ ის ტერიტორია, სადაც მთის მასა ჩამოიშალა. კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, საფრთხე 90 პროცენტით მოხსნილია, თუმცა მდინარე ჯერ კიდევ ძალიან ადიდებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.